ივანიშვილის პარლამენტის თავჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, საქართველოში გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერზე დასმულ შეკითვას უპასუხა და განაცხადა, რომ "ბატონი პეტერი ქართველი საზოგადოების წარმოდგენაში დარჩება გერმანიის იმ ელჩად, რომელიც ფაშისტური სლოგანის ფონზე პოზირებდა."
"ადამიანებს, რომლებიც ფაშისტური სლოგანით თავს დაესხნენ ქალ დეპუტატს მის არასრულწლოვან შვილთან ერთად, უწოდა საქართველოს მომავალი.
ასე დარჩება ის საქართველოს საზოგადოების მეხსიერებაში და ეს არის ყველაზე სამწუხარო ქართულ-გერმანულ ურთიერთობაში, რომ ამ ადამიანმა 30-წლიანი მეგობრობა 3 წელიწადში ჩამოანგრია და დაიყვანა იმ დონემდე, რომ გაიგივებულია დღეს გერმანიის წარმომადგენელი საქართველოში ძალადობის, დეზინფორმაციის, პროპაგანდის ხელშემწყობად და წამქეზებლად, ნუ, ეს არის სამწუხარო მოვლენა." - თქვა მან.
ამის შემდეგ, პაპუაშვილმა ფიშერის გუშინდელ განცხადებაზეც გააკეთა კომენტარი. ფიშერმა ბათუმელებთან ინტერვიუში თქვა, რომ 40 წელია გერმანიის მთავრობაში მუშაობს და არანაირი "დიფ სთეითი" არ უნახავს.
პაპუაშვილის აზრით, ამ სიტყვებით ფიშერი დასცინის ქართველებს და დასცინის შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც.
"მან ასევე მისთვის დამახასიათებელი იქედნური ტონით ისაუბრა "დიფ სთეითზე", რომ აბა სად არის? შევიხედე ოთახში და იქ არ იყო, გადავედი აბაზანაში და იქ არ დამხვდა, დაგვცინის ფაქტობრივად ქართველებს, მაგრამ ერთ რამეს გავუსვამ ხაზს, ის პარალელურად დასცინის ამერიკელებს, როდესაც ამბობს რომ "დიფ სთეითი" რაღაც გამოგონილია, დასცინის ამერიკის შეერთებულ შტატების პრეზიდენტ ტრამპს.
ასევე, შეუძლია ამერიკის საელჩოს ელაპარაკოს ამაზე, ის დასცინის ბრიტანეთის ყოფილ პრემიერმინისტრს, რომელიც ასევე საუბრობდა "დიფ სთეითზე" ბრიტანეთში, პრინციპში, დასცინის ყველას ამ იქედნური ტონით, რომელიც ძალიან სამწუხაროა, რომ გერმანელი ადამიანისგან ასეთ ცხვირაწეულ დამოკიდებულებას ვხედავთ სხვა ხალხების მიმართ.
ქართველების მიმართ მისი დამოკიდებულება გასაგებია და შევეჩვიეთ და ვხედავთ, ამავდროულად, დასცინის ბრიტანელებს, ამერიკელებს, გამოდის რომ ერთი ის არის ამ ქვეყანაზე, ვისაც პრეტენზია აქვს სრულ ჭეშმარიტებაზე." - განაცხადა პაპუაშვილმა.
ბოლოს, ივანიშვილის პარლამენტის თავჯდომარემ თქვა, რომ ფიშერმა არამხოლოდ ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს მიაყენა ზიანი, არამედ მან ზოგადად დააზიანა ელჩობის ინსტიტუტი.
"ქართველების თვალში გააიგივა უცხო ქვეყნის ელჩი სტუმართან, რომელიც სახლში გივარდება, ძალადობას აქეზებს, ტყუილს აქეზებს, პროპაგანდას აქეზებს, ფაქტობრივად ელჩობა აქცია მთავარმართებლის, მეორემმართებლის და მეორე მდივნის სინონიმად.
ეს არ არის მსუბუქი შემთხვევა, მან თავადაც განაცხადა, რომ ის ცოტა ხანში დატოვებს საქართველოს და როგორც თვითონ თქვა, ცოტა ხანში სავარძელში წამოწვება და იქიდან დააკვირდება საქართველოს. მან ზიანი მიაყენა არამხოლოდ ქართულ-გერმანულ ურთიერთობას, არამედ უცხო ქვეყნის ელჩის ინსტიტუტს - ქართველების თვალში დიდი ხნით ჩაბეჭდა, რომ უცხო ქვეყნის ელჩი შეიძლება იყოს შენი ქვეყნის მიმართ მავნე ინტერესების მატარებელი, ამით ზიანი მიაყენა მთლიანად ელჩობას საქართველოში და სხვა ელჩების ადგილას ამაზე დავფიქრდებოდი." - ამბობს პაპუაშვილი.
ცნობისთვის, ბათუმელებისთვის მიცემულ ინტერვიუში ფიშერმა თქვა, "ვინ არის ეს "დიფსთეითი"? შეუძლიათ სახელი დაგვისახელონ? ან სახე გვაჩვენონ? როგორ შეიძლება ეს ჯგუფი ასე გავლენიანი იყოს აშშ-ში, მერე გადავიდეს ევროკავშირში, მერე დიდ ბრიტანეთში და მას ვერავინ ხედავდეს? ფაქტები სხვას ამბობს."
ამის გარდა, ფიშერმა ისიც განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, "შუა დერეფნის" მნიშვნელობა არ გავაზვიადოთ."
"ტრანზიტი და კავშირები მნიშვნელოვანია, მაგრამ არა იმდენად, რომ ჩვენი ღირებულებები რამდენიმე კილომეტრ ავტომაგისტრალზე ან რამდენიმე კონტეინერის გადაზიდვაზე გავცვალოთ." - თქვა მან.




