გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი სამმართველო

შსს: სიძულვილის ენის წინააღმდეგ შექმნილი სამმართველო ამოქმედდა - ამ ეტაპზე 10 თანამშრომლით

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, "ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი  სამმართველო ფუნქციონირებას შეუდგა".

"სამმართველოს ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები ადამიანის ღირსების შემლახველი/შეურაცხმყოფელი და სიძულვილის ენის შემცველი საჯაროდ გავრცელებული  იმგვარი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა იქნება, რომელიც შეიცავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ნიშნებს. 

სამმართველო მოახდენს სავარაუდო სამართალდამრღვევი პირის გამოვლენას, ვინაობის დადგენას, ადმინისტრაციული წარმოების მასალების მომზადებას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას და განსჯადობის წესების დაცვით, საერთო სასამართლოებში გადაგზავნას. 

საწყის ეტაპზე სამმართველოს თანამშრომელთა რაოდენობა განისაზღვრა ათი საშტატო ერთეულით.

სამმართველოს თანამშრომლები, საქმიანობას განახორციელებენ  იმ საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში, რაც უკვე მოქმედებს ქვეყანაში" - აცხადებს შსს.

ახალი სამმართველოს შექმნის შესახებ ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ 18 მაისს განაცხადა. მისი თქმით, შსს-ში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის მთავარი ფუნქციაც "საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება". 

მდინარაძის ინფორმაციით, აღნიშნულში იგულისხმება ნებისმიერი ტიპის საჯარო კომუნიკაცია, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას, შუღლის გაღვივებას, ღირსების შელახვას და "სხვა მსგავს ქმედებებს".

კომენტარები