გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი სამმართველო

რაც იქნება დარღვევა, ის პროპორცია იქნება – კობახიძე ახალ სამმართველოზე

ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ იმედის ეთერში ახალ სამმართველოზე ისაუბრა, რომელსაც ქართული ოცნება ქმნის "შეურაცხმყოფელ კამპანიებზე სამართლებრივი რეაგირებისთვის".

კობახიძის თქმით, როცა "ვიღაც თავს გახვევს სიძულვილს, შენც იძულებული ხარ უპასუხო" და ამისგან უნდა გავთავისუფლდეთ. მისი განმარტებით, სასჯელი დადგება "დანაშაულის პროპორციულად" და მიდგომა არ იქნება "ცალმხრივი".

"პრაქტიკის სწორად დამკვიდრება არის მთავარი. სწორი ზღვარი უნდა გაევლოს გამოხატვის თავისუფლებასა და სიძულვილის ენას შორის. რა თქმა უნდა, კრიტიკას ვერავინ ვერავის ვერ აუკრძალავს, მათ შორის კრიტიკა მძაფრი ფორმითაც შეიძლება იყოს გამოხატული. რაც შეეხება სიძულვილის ფორმებს, როგორიც არის შეურაცხყოფა და რასაც ძალიან ხშირად ვხედავთ სოცმედიაშიც და მის მიღმაც, ამ ყველაფერს სჭირდება რეაგირება. ჩვენ რაღაცნაირად შეგვიყვანეს პოლარიზაციის და სიძულვილის ჩაკეტილ წრეში. ამას ხომ მიაღწიეს, რომ თესავდნენ ჩვენს საზოგადოებაში სიძულვილს და იგივე ხდება პოლიტიკურ სივრცეშიც. იხსენებდნენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც ჩვენი გუნდის წარმომადგენლების უხეშ განცხადებებს და რა თქმა უნდა, ეს ასე იყო, მაგრამ საიდან დაიწყო ეს ყველაფერი - იყო პირდაპირი სიძულვილის კამპანიები და არა მხოლოდ პოლიტიკურ სივრცეში, აქ შეიძლება პასუხი მიიღეს. მაგრამ მართლმადიდებელი ეკლესიისგან პასუხს რომ არ იღებდნენ, რატომ აგრძელებდნენ სიძულვილს.

[...] ეს პრობლემაა ბუნებრივია, რადგან როცა ვიღაც თავს გახვევს სიძულვილს, შენც იძულებული ხარ უპასუხო. ასე შეიქმნა ეს ჩაკეტილი წრე. ამისგან უნდა გავთავისუფლდეთ, მიდგომა უნდა იყოს არაცალმხირვი. ვინც არ უნდა დაარღვიოს ეს წესები, რომლებიც კანონმდებლობით უკვე დადგენილია. აქამდე არ არსებობდა კონკრეტული ინსტიტუციური მექანიზმი შსს-ში, რაც ახლა შეიქმნა.

რაც იქნება დარღვევა, ის პროპორცია იქნება. რა პროპორციითაც დაარღვევენ მხარეები კანონმდებლობას, იმ პროპორციით უნდა დადგეს შედეგები. ამიტომაა სწორი პრაქტიკა მნიშვნელოვანი. [...] მაგალითად, გახსოვთ, რომ კონკრეტული სიმღერები დაწერეს დედის გინებით... დედის გინებით და ამას ტირაჟირებდნენ ისინი მასობრივად და კოლექტიურად, სიხარულით, მათი ტელევიზიები, პარტიები NGO-ები. თქვენ გიხილავთ ასეთი რამ მმართველი გუნდის და ხელისუფლების მხრიდან?" - თქვა კობახიძემ.

ივანიშვილის წარმომადგენლის, მამუკა მდინარაძის თქმით, შსს-ში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის მთავარი ფუნქციაც "საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება". 

მდინარაძის ინფორმაციით, აღნიშნულში იგულისხმება ნებისმიერი ტიპის საჯარო კომუნიკაცია, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას, შუღლის გაღვივებას, ღირსების შელახვას და "სხვა მსგავს ქმედებებს".

კომენტარები