პოლიციელის დღე

მიუხედავად გამოწვევებისა, პოლიციელობა იყო, არის და იქნება ღირსეული პროფესია - მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა მამუკა მდინარაძემ პოლიციელის დღეზე მიმართვისას განაცხადა, რომ ეს დღე განსაკუთრებულია მისთვის, რადგან პირველი სამსახური, "რომელიც ადამიანს განსაკუთრებულად ამახსოვრდება", მისთვის იყო შინაგან საქმეთა სამინისტრო.

"ზუსტად ვიცი თუ რას ნიშნავს პოლიციელის პროფესია და რა ღირებულებებზე დგას ეს სამსახური, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული თქვენგანისთვის სამშობლო, ღირსება და ერთგულება.

საკუთარ თავზე და ბევრ თანამებრძოლზე გამომიცდია, როგორი ძლიერია პოლიციაში გუნდურობის განცდა, უღალატობა, ურთიერთგატანა, ურთიერთმხარდაჭერა, ერთმანეთისთვის თავგანწირვა, საქმისადმი თავდადება.

თქვენი საქმიანობა პროფესიულთან ერთად სხვა ბევრ სირთულესთანაც არის დაკავშირებული, მიუხედავად გამოწვევებისა, მიუხედავად პოლიციელის მუნდირისთვის შეუფერებელი ცალკეული მძიმე თუ ნაკლებად მძიმე შემთხვევებისა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი შემთხვევებისგან დამოუკიდებლადაც კი არაერთი ადამიანი თუ პირთა ორგანიზებული ჯგუფი ებრძვის ხშირად პოლიციელის იმიჯს, ღირსებას, სიამაყის განცდას, პოლიციელის შრომისა და თავგანწირვას მორალურ ფასს, - პოლიციელობა ყოველთვის იყო, არის და იქნება ერთ-ერთი ყველაზე საპატიო და ღირსეული პროფესია." - თქვა მდინარაძემ.


ცნობისთვის, 27 მაისს, ქართლის ამბებმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს როგორ ძალადობენ ჯგუფურად პოლიციელები მოქალაქეზე, სავარაუდოდ, მისი დაკავების დროს.

მოქალაქე პაპუნა ლოცულაშვილის ცემისთვის ბრალდებულ ექვსივე პოლიციელს, 29 მაისს,  მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

კომენტარები