რუსეთი-თალიბანი

რუსეთმა და თალიბანმა სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმეს

სერგეი ლავროვისა და თალიბანის წარმომადგენლების შეხვედრა მოსკოვში
Ria Novosty

რუსეთმა და თალიბანმა მოსკოვის რეგიონში უსაფრთხოების ფორუმზე სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

შეთანხმების დეტალები საჯაროდ არ არის ცნობილი.

ცნობისთვის, თალიბანი ავღანეთში ხელისუფლებაში 2021 წელს დაბრუნდა, მას შემდეგ, რაც დაამხეს უცხოეთის მიერ მხარდაჭერილი მთავრობა.

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივან სერგეი შოიგუსთან შეხვედრაზე ავღანეთის თავდაცვის მინისტრმა მოჰამედ იაკუბმა განაცხადა, რომ ქაბულმა და მოსკოვმა მნიშვნელოვნად გააფართოვეს ორმხრივი თანამშრომლობა.

მოსკოვისა და თალიბანის დაახლოება ეტაპობრივად მიმდინარეობს. 14 მაისს შოიგუმ ღიად განაცხადა, რომ რუსეთი მოძრაობასთან "სრულფასოვან პარტნიორობას" ამყარებს და რეგიონის სხვა ქვეყნებს ქაბულთან კონტაქტების გაფართოებისკენ მოუწოდა.

2025 წლის აპრილში რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ქვეყანაში თალიბანის საქმიანობის აკრძალვა შეაჩერა. მანამდე მოძრაობა რუსეთში ოფიციალურად ტერორისტულ ორგანიზაციად იყო გამოცხადებული.

კრემლმა ასევე მიიღო თალიბანის ელჩი მოსკოვში.

ავღანეთის მთავრობამ 2025 წლის ივლისში განაცხადა, რომ რუსეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ოფიციალურად აღიარა თალიბანის მმართველობა და ამ ნაბიჯს "მამაცი გადაწყვეტილება" უწოდა.

მოსკოვი ბოლო წლებში თალიბანთან კავშირებს სტაბილურად აღრმავებს. 2024 წლის ივლისში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თალიბანი "ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მოკავშირეებად" მოიხსენია.

 

კომენტარები