რუსული სამთავრობო მედია ТАСС-ის ცნობით, რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარე და ყოფილი თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ 25 ნოემბერს ოფიციალური ვიზიტით ავღანეთში ჩავიდა და თალიბანის რეჟიმის წარმომადგენლებს შეხვდა. რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, შოიგუ ავღანეთის "უმაღლესი ხელისუფლებას" შეხვდა და "ვიცეპრემიერებთან და მინისტრებთან ეკონომიკური, სატრანსპორტო და უსაფრთხოების საკითხები განიხილა".
რუსული საინფორმაციო სააგენტო Интерфакс-ის ინფორმაციით, შოიგუმ რუსეთისა და ავღანეთს შორის "ყველა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნის სურვილი" გამოთქვა:
"ვადასტურებ ჩემს მზადყოფნას ავაშენოთ კონსტრუქციული პოლიტიკური დიალოგი ჩვენს ქვეყნებს შორის, მათ შორის, ავღანეთის შიდა პროცესების დარეგულირებისთვის ბიძგის მისაცემად" - თქვა რუსეთის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა.
ТАСС-ის ინფორმაციით, შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს "პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავება", მათ შორის, ეკონომიკური თანამშრომლობა, და ვაჭრობა.
"მინდა აღვნიშნო, რომ იმ პერიოდის განმავლობაში, რაც ავღანეთის მთავრობაა ხელისუფლებაში, ბევრი რამ გახდა ცხადი და შეიცვალა" - თქვა შოიგუმ.
რუსულმა სამთავრობო მედიამ ასევე შოიგუს ქაბულში ჩასვლის და მხარეების შეხვედრის კადრები გამოაქვეყნა.
ვიზიტის ფარგლებში რუსეთის დელეგაცია შეხვდა ავღანეთის ვიცეპრემიერ მოჰამედ აბდულ კაბირს, ვიცეპრემიერ აბდულ განი ბარადარს, თავდაცვის მინისტრ მოჰამედ იაკუბს და შინაგან საქმეთა მინისტრ სირაჯუდინ ჰაკანს.
ავღანეთის სამაუწყებლო არხის Alemarah-ის ინფორმაციით, ქაბულში ვიზიტისას სერგეი შოიგუმ ასევე ახსენა "რუსეთის შავი სიიდან" თალიბანის ამოღების გეგმები, რაც უახლოეს მომავალში, მიზნად პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების განმტკიცებას ისახავს.
რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატებმა 26 ნოემბერს წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც რუსეთს ტერორისტულად გამოცხადებულ ორგანიზაციებზე აკრძალვის მოხსნის საშუალებას მისცემს.
კანონპროექტის შენიშვნის მიხედვით, "ტერორიზმთან გამკლავების შესახებ" კანონი მსგავსი ორგანიზაციების აკრძალვასა და ტერორისტთა სიაში შეყვანის საშუალებას იძლევა, თუმცა არ გააჩნია მექანიზმი, ამ აკრძალვის მოხსნისთვის, თუკი ორგანიზაცია შეწყვეტს ქმედებებს, რომელთა მიზანიც "ტერორიზმის ან მსგავსი დანაშაულების ხელშეწყობა, გამართლება ან მხარდაჭერაა".





