რუსული სამთავრობო მედია ТАСС-ის ცნობით, რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა და ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ, ავღანეთში 25 ნოემბრის ვიზიტის შედეგებზე კომენტარისას აღნიშნა, რომ აშშ-მ, რომელმაც, მისი თქმით, "ქვეყანაში სამხედრო მოქმედებები ჩაატარა და შემდეგ გაიქცა", ავღანეთის აღდგენაში მთავარი როლი უნდა ითამაშოს.
"აქ კვლავ აქტუალურია აშშ-ს თემა, რომელიც პერიმეტრზე ყველას დაუნდობლად ძარცვავს. საუბარია ავღანელთა კუთვნილ აქტივებზე და სახსრებზე, რომელთა დაბრუნებას, როგორც ჩანს, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, მაგალითად, ლიბიასა და სირიაში, არავინ აპირებს. ჩემი აზრით, სწორედ აშშ-მ უნდა ითავოს ავღანეთის აღდგენაში რესურსების ჩადება". - თქვა შოიგუმ.
ТАСС-ის ინფორმაციით, შოიგუმ ასევე დასძინა, რომ აშშ უნდა გახდეს ავღანეთში ძირითადი ინვესტორი.
სერგეი შოიგუ 25 ნოემბერს ოფიციალური ვიზიტით ავღანეთში ჩავიდა და თალიბანის რეჟიმის წარმომადგენლებს შეხვდა. რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, შოიგუ ავღანეთის "უმაღლესი ხელისუფლებას" შეხვდა და "ვიცეპრემიერებთან და მინისტრებთან ეკონომიკური, სატრანსპორტო და უსაფრთხოების საკითხები განიხილა".
შოიგუმ რუსეთისა და ავღანეთს შორის "ყველა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნის სურვილი" გამოთქვა:
"ვადასტურებ ჩემს მზადყოფნას ავაშენოთ კონსტრუქციული პოლიტიკური დიალოგი ჩვენს ქვეყნებს შორის, მათ შორის, ავღანეთის შიდა პროცესების დარეგულირებისთვის ბიძგის მისაცემად" - თქვა რუსეთის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა.
ТАСС-ის ინფორმაციით, შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს "პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავება", მათ შორის, ეკონომიკური თანამშრომლობა, და ვაჭრობა.
"მინდა აღვნიშნო, რომ იმ პერიოდის განმავლობაში, რაც ავღანეთის მთავრობაა ხელისუფლებაში, ბევრი რამ გახდა ცხადი და შეიცვალა" - თქვა შოიგუმ.
აღსანიშნავია ასევე, რომ რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატებმა 26 ნოემბერს წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც რუსეთს ტერორისტულად გამოცხადებულ ორგანიზაციებზე აკრძალვის მოხსნის საშუალებას მისცემს.
კანონპროექტის შენიშვნის მიხედვით, "ტერორიზმთან გამკლავების შესახებ" კანონი მსგავსი ორგანიზაციების აკრძალვასა და ტერორისტთა სიაში შეყვანის საშუალებას იძლევა, თუმცა არ გააჩნია მექანიზმი, ამ აკრძალვის მოხსნისთვის, თუკი ორგანიზაცია შეწყვეტს ქმედებებს, რომელთა მიზანიც "ტერორიზმის ან მსგავსი დანაშაულების ხელშეწყობა, გამართლება ან მხარდაჭერაა".





