პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წევრმა Reuters განუცხადა, რომ აშშ-მ კუბის ყოფილ პრეზიდენტს, რაულ კასტროს ბრალი წაუყენა. სააგენტო წერს, რომ ეს ნაბიჯი ვაშინგტონის მიერ კარიბის ზღვის კუნძულის კომუნისტურ მთავრობაზე ზეწოლის კამპანიის გაგრძელებად მიიჩნევა.
ბრალდება ჯერჯერობით ოფიციალურად არ გამოცხადებულა, თუმცა Reuters-ისა და სხვა დასავლური მედიების ინფორმაციით საქმე, სავარაუდოდ, 1996 წლის ინციდენტს ეფუძნება, როდესაც კუბურმა ავიაგამანადგურებლებმა აშშ-ს მოქალაქე კუბელი ემიგრანტების ჯგუფის მიერ მართული თვითმფრინავები ჩამოაგდეს.
20 მაისს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, რომლის მშობლებიც კუბელი ემიგრანტები იყვნენ, კუბელ ხალხს ორ ქვეყანას შორის ახალი ურთიერთობის ჩამოყალიბება შესთავაზა. მან თქვა, რომ აშშ-ს კუბელი ხალხისთვის 100 მილიონი დოლარის დახმარების გაწევა შეუძლია და კუბის ლიდერები ელექტროენერგიის, საკვების და საწვავის დეფიციტში დაადანაშაულა.
ესპანურად საუბრისას რუბიომ აღნიშნა, რომ აშშ-ს მიერ გადაცემული საკვები და მედიკამენტები კათოლიკური ეკლესიის ან სხვა სანდო საქველმოქმედო ორგანიზაციების მიერ უნდა განაწილდეს და აშშ კუბის სამხედრო რეჟიმთან თანამშრომლობას არ აპირებს.
Reuters აღნიშნავს, რომ ბრალის წარდგენა მოხდა იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კუბაში რეჟიმის შეცვლას ცდილობს - ქვეყანაში, სადაც კასტროს კომუნისტები ხელისუფლებაში იმ დროიდან არიან, რაც 1959 წელს რაულის გარდაცვლილმა ძმამ, ფიდელ კასტრომ, რევოლუცია მოაწყო.
სააგენტო წერს, რომ რამდენიმე თვეა აშშ-მ კუბას ფაქტობრივად ბლოკადა დაუწესა, იმ ქვეყნების წინააღმდეგ სანქციებით მუქარით, რომლებიც მას საწვავს აწვდიან, რამაც ქვეყანაში ელექტროენერგიის გათიშვები გამოიწვია და ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მძიმე კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა.
94 წლის რაულ კასტრო კუბის თავდაცვის მინისტრის პოზიციას იკავებდა, სანამ 2008 წელს, ძმის ავადმყოფობის შემდეგ, პრეზიდენტი გახდებოდა. ფიდელ კასტრო 2016 წელს გარდაიცვალა. რაულ კასტრო პრეზიდენტის პოსტიდან 2018 წელს გადადგა, თუმცა კუბის პოლიტიკაში კვლავ გავლენიან ფიგურად რჩება.
Reuters აღნიშნავს, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ მსგავსი სახის ბრალდებები გამოიყენა 3 იანვარს კარაკასში ჩატარებული აშშ-ს სამხედრო რეიდის გასამართლებლად, რომლის დროსაც ვენესუელას ყოფილი ავტორიტარი ლიდერი, ნიკოლას მადურო დააკავეს და ნიუ-იორკში სასამართლოს წინაშე წარსადგენად გადაიყვანეს.




