აშშ-კუბა

Axios: კუბას დრონები აქვს შესყიდული და მათი აშშ-ს ობიექტებზე გამოყენების გეგმებს განიხილავს

iStock/Getty Images

გამოცემა Axios-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, კუბას 300-ზე მეტი სამხედრო დრონი აქვს შესყიდული და ბოლო პერიოდში განიხილეს გუანტანამოს უბეში აშშ-ს ბაზის, ამერიკული სამხედრო ხომალდებისა და შესაძლოა, ფლორიდის ქალაქ კი-უესტის წინააღმდეგ თავდასასხმელად მათი გამოყენების გეგმები. ამის შესახებ გამოცემა გასაიდუმლოებულ სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს. 

ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, აღნიშნული სადაზვერვო მონაცემები – რომელიც შესაძლოა, კუბის წინააღმდეგ აშშ-ს სამხედრო მოქმედებების წინაპირობად იქცეს – აჩვენებს, თუ რა დონემდე მიიჩნევს ტრამპის ადმინისტრაცია კუბას საფრთხედ, რაც ომში დრონების გამოყენების მხრივ არსებული მიღწევებითა და ჰავანაში ირანელი სამხედრო ინსტრუქტორების ყოფნით არის განპირობებული. 

"როცა ვფიქრობთ, თუ რამდენად ახლოსაა ასეთი ტიპის ტექნოლოგია და ბოროტი აქტორების რა სპექტრი არსებობს, მათ შორის, ტერორისტული დაჯგუფებები, ნარკოკარტელები, ირანელები და რუსები, ეს შემაშფოთებელია," აღნიშნა მაღალჩინოსანმა და დაამატა, რომ "ეს მზარდ საფრთხეს" წარმოადგენს. 

ამერიკელი მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ კუბამ რუსეთისგან და ირანისგან "სხვადასხვა შესაძლებლობების" მქონე მოიერიშე დრონების შესყიდვა 2023 წლიდან დაიწყო და ისინი ქვეყნის მასშტაბით სტრატეგიულად მნიშვნელოვან ნაწილებში განალაგა. 

ამასთან, ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა Axios-ს აცნობა, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში კუბელი მაღალჩინოსნები რუსეთისგან დამატებითი დრონებისა და სამხედრო აღჭურვილობის შესყიდვას ცდილობდნენ. სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით მაღალჩინოსანმა ასევე აღნიშნა, რომ კუბის დაზვერვაში "ცდილობენ, შეისწავლონ, თუ როგორ გაუწია ირანმა აშშ-ს წინააღმდეგობა."

გასულ კვირას კუბას აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) უფროსი ჯონ რეტკლიფი ეწვია, მას შემდეგ, რაც აშშ-ს ბლოკადის შედეგად, ქვეყანას საწვავის უკანასკნელი მარაგები ამოეწურა.

Axios-ის ინფორმაციით, ამ კვირაში აშშ-მ შესაძლოა, კუბის წინააღმდეგ დამატებითი სანქციებიც გამოაცხადოს. 

ამ ფონზე მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ მომდევნო დღეებში აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი 30 წლის წინ ორი თვითმფრინავის ჩამოგდების საქმის ფარგლებში კუბელი ლიდერისთვის, რაულ კასტროსთვის, სავარაუდოდ, ბრალის წარდგენას გეგმავს. 

კომენტარები