აშშ-კუბა

Politico: პენტაგონი კუბაზე შესაძლო თავდასხმისთვის მზადაა

iStock/Getty Images

გამოცემა Politico წერს, რომ აშშ-ს პენტაგონი კუბაზე პოტენციური თავდასხმისთვის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანების შემთხვევაში მზადაა.

პენტაგონი თვეების განმავლობაში კარიბის ზღვის აუზში საომარ გემებს და შეიარაღებას ათავსებს. კუბის სანაპიროსთან ამჟამად განლაგებულია ავიამზიდი USS Nimitz და მისი საბრძოლო ჯგუფი, რომელიც მიმდინარე თვეში ჩამოვიდა რეგიონში. გარდა ამისა, ფლორიდაში განთავსებული საბრძოლო თვითმფრინავები და სხვა სამხედრო ტექნიკაც ამ პოტენციური ოპერაციის მომზადებას ემსახურება.

Politico აღნიშნავს, რომ თვითმფრინავებზე დაკვირვების საიტების ცნობით, კუბას თვეების განმავლობაში გარს უვლიდა თანამედროვე ამერიკული დრონებისა და სათვალთვალო თვითმფრინავების ნაკრები.

გამოცემის ცნობით, USS Kearsarge-ის ამფიბიური გემები და ესკორტები, რომლებზეც 2500 საზღვაო ქვეითი იმყოფება, ვირჯინიის სანაპიროსთან ახალი განლაგებისთვის ემზადებიან და შესაძლოა, სამშობლოში მიმავალი ზოგიერთი გემი ჩაანაცვლონ.

გამოცემა აღნიშნავს, რომ იანვარში ვენესუელაზე თავდასხმამდეც, რომელიც ქვეყნის ლიდერის, ნიკოლას მადუროს დაკავებით დასრულდა, აშშ-მ ანალოგიური ნაბიჯები გადადგა.

Politico-ს მიხედვით, ამჟამინდელი განლაგება სამხედრო შესაძლებლობების მრავალფეროვნებას იძლევა, თუმცა პენტაგონს მასშტაბური სახმელეთო შეჭრისთვის დამატებითი ჯარები დასჭირდება.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 27 მაისს განაცხადა, რომ კუბა "დიდ შარშია" გახვეული.

"ჩვენი სანაპიროდან 90 მილის დაშორებით არშემდგარი სახელმწიფოს ყოლა საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებას," - განაცხადა მან.

The Nimitz რეგიონში იმავე დღეს ჩავიდა, როდესაც აშშ-მ კუბის ყოფილ პრეზიდენტ რაულ კასტროს ბრალი წარუდგინა, რაც, როგორც Politico წერს, ძალის საჯარო დემონსტრირებას წარმოადგენდა.

"The Nimitz, სავარაუდოდ, იქ ძირითადად დაშინებისთვისაა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, მისი გამოყენება სამხედრო ოპერაციაშიც შეიძლება“, - განუცხადა გამოცემას მარკ კანციანმა, პენტაგონის ყოფილმა თანამდებობის პირმა და ამჟამად სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის უფროსმა ანალიტიკოსმა.

მისი თქმით, გემი, ფლორიდასა და პუერტო რიკოში განლაგებულ გამანადგურებელ თვითმფრინავებთან ერთად, სავარაუდოდ, მონაწილეობას მიიღებს კუბაში ნებისმიერ სამხედრო მოქმედებაში.

"შესაძლებელია საჰაერო დარტყმები მათი საჰაერო თავდაცვის სისტემის განადგურების მიზნით, რათა შესაძლებელი გახდეს უფრო ფართო საჰაერო ოპერაციები ან, შესაძლოა, მათი ხელმძღვანელობის განადგურება ვენესუელასთან არსებული ტიპის ურთიერთობის დამყარების მიზნით. რაულ კასტრო მათი პირველი სამიზნე იქნება," - უთხრა მან Politico-ს.

თუმცა, გამოცემა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაცია დროში შეზღუდულია, რადგან ხომალდები, რომლებიც ტიპიურად 6 ან 7 თვით არიან განლაგებული, კუბაში თითქმის 10 თვეა, რაც არიან.

"ეს ზედიზედ  ხანგრძლივი განლაგებები დროთა განმავლობაში დაგროვდება," - განუცხადა Politico-ს ანონიმურმა თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა. "მათი დიდი ხნის განმავლობაში იქ დარჩენა გრძელვადიან პერსპექტივაში კიდევ უფრო მეტ პრობლემას შექმნის, როდესაც საქმე ეხება გემების ხელახლა აღჭურვასა და შეკეთებას სამშობლოში დაბრუნების შემდეგ."

პენტაგონის მხრიდან კუბაში შესაძლო ჩარევისთვის გეგმების მომზადება მხარეებს შორის დაძაბულობის ესკალაციაზე მიანიშნებს მას შემდეგ, რაც იანვრის დასაწყისში, ნიკოლას მადუროს დაკავების სპეცოპერაციიდან მალევე, ტრამპის ადმინისტრაციამ კუბისთვის ვენესუელური ნავთობის მიწოდება შეაჩერა

ამასთანავე, იანვარში გამოცემა Wall Street Journal წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ტრამპის ადმინისტრაციას კუბაში კომუნისტური რეჟიმის შეცვლა წლის ბოლომდე სურს და ინფორმირებული პირების ცნობით, აშშ კუბის მთავრობაში ეძებდა პირებს, რომლებიც რეჟიმის ცვლილების ამოცანას გაამარტივებდნენ.

თებერვალში ტრამპი ამბობდა, რომ კუბასთან მოლაპარაკებებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, "მაღალ დონეზე" აწარმოებდა. თავის მხრივ, კუბის პრეზიდენტმა, მიგელ დიას-კანელმა, მარტში დაადასტურა, რომ აშშ-სა და კუბას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და გამოთქვა იმედი, რომ მოლაპარაკებები ორ ქვეყანას "კონფრონტაციის" თავიდან არიდებაში დაეხმარება.

მას შემდეგ პრეზიდენტმა ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ ამერიკამ შესაძლოა, კუბაზე კონტროლი დაამყაროს. გასულ თვეში მან რეპორტიორებთან საუბრისას ისიც აღნიშნა, რომ კუბის აღების პატივი, სავარაუდოდ, მას ერგება.

 

კომენტარები