აშშ-კუბა

CNN: კუბის სანაპიროსთან აშშ-მ სადაზვერვო ფრენების სიხშირე მკვეთრად გაზარდა

დემონსტრანტები ჰავანაში კაპიტოლის შენობასთან, 11 ივლისი.
Yamil Lage/AFP via Getty Images

CNN-ს მიერ საჯაროდ ხელმისაწვდომი საავიაციო მონაცემების ანალიზის მიხედვით, კუბის სანაპიროსთან აშშ-ს სამხედრო სადაზვერვო ფრენების სიხშირე მკვეთრად გაიზარდა.

FlightRadar24-ის მონაცემებით, 4 თებერვლის შემდეგ აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალებმა და საჰაერო ძალებმა სულ მცირე 25 ასეთი ფრენა განახორციელეს როგორც პილოტირებული თვითმფრინავებით, ისე დრონებით. მათი უმეტესობა კუბის ორ უდიდეს ქალაქთან - ჰავანასა და სანტიაგო დე კუბასთან - ახლოს მიმდინარეობდა, ხოლო ზოგიერთი ფრენა სანაპიროდან მხოლოდ 40 მილის დაშორებით შესრულდა.

CNN აღნიშნავს, რომ ეს ფრენები საყურადღებოა არა მხოლოდ სანაპიროსთან სიახლოვის გამო, რაც დაზვერვის შეგროვების საშუალებას იძლევა, არამედ მათი მოულოდნელი გამოჩენის გამოც - თებერვლამდე ასეთი საჯაროდ ხილული ფრენები ამ რეგიონში უკიდურესად იშვიათი იყო.

კუბასთან დაკავშირებით ტრამპის საჯარო განცხადებები განსაკუთრებით გამკაცრდა ფრენების სიხშირით ზრდამდე რამდენიმე კვირით ადრე. აშშ-ს პრეზიდენტმა Truth Social-ზე გააზიარა Fox News-ის კომენტატორის მარკ ტისენის განცხადება, რომლის მიხედვითაც ტრამპი თანამდებობის დატოვებამდე "თავისუფალ ჰავანას" ეწვეოდა. ამ პოსტიდან რამდენიმე დღეში ტრამპმა კუნძულის წინააღმდეგ ნავთობის ბლოკადა დააწესა.

დღევანდელი მდგომარეობით, ტრამპი კუბის წინააღმდეგ გაფართოებულ სანქციებს აწესებს და აცხადებს, რომ ქვეყანა აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

კომენტარები