გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი სამმართველო

მეუფე ზენონი: მიუღებელია როგორც ადამიანის დამცირება, ისე თავისუფლების შეზღუდვა

მეუფე ზენონ იარაჯული

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსი ზენონი სოციალურ ქსელში ახალი სამმართველოს შექმნის ინიციატივას ეხმაურება, რომლის ფუნქცია "საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება".

მეუფე ზენონი წერს, რომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ სახელმწიფო მექანიზმის შექმნა ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური საკითხია, ვინაიდან ეხება როგორც პიროვნების ღირსების დაცვას, ასევე გამოხატვის თავისუფლების პრინციპს.

მეუფეს აზრით, შეუძლებელია ამ საკითხის შეფასება მოხდეს მხოლოდ სამართლებრივი ან მორალური კუთხით და აუცილებელია გააზრებული იყოს პოლიტიკური, ინსტიტუციური და კულტურულ-რელიგიური კონტექსტიც.

ეპისკოპოსი ზენონი აცხადებს, რომ პრობლემა არის თავად სიძულვილის ენის ცნების ინტერპრეტაციული ბუნება, მეუფე წერილში ასევე განიხილავს ამ საკითხს კულტურულ და რელიგიურ კონტექსტში და განმარტავს, რომ ეკლესიისთვის მიუღებელია როგორც პიროვნების დამცირება, ისე მისი თავისუფლების შეზღუდვა. 

"ერთი მხრივ, დემოკრატიულ საზოგადოებას ნამდვილად ეკისრება პასუხისმგებლობა,დაიცვას ადამიანი დეჰუმანიზაციის,ძალადობრივი რიტორიკისა და დისკრიმინაციული მოწოდებებისგან. თანამედროვე გამოცდილება აჩვენებს, რომ აგრესიული და სიძულვილზე დაფუძნებული დისკურსი ხშირად იქცევა სოციალური პოლარიზაციისა და ფიზიკური ძალადობის საფუძვლად.

ამ თვალსაზრისით, სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმების არსებობა შეიძლება აღქმულ იქნეს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და სამოქალაქო თანაცხოვრების დაცვის მცდელობა.

თუმცა, განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს თავად "სიძულვილის ენის" ცნების ინტერპრეტაციული ბუნება. თუ იგი მკაფიო სამართლებრივი კრიტერიუმების გარეშე გამოიყენება, არსებობს საფრთხე, რომ ეს კატეგორია გადაიქცეს პოლიტიკური და იდეოლოგიური კონტროლის ინსტრუმენტად, რომლის ფარგლებშიც კრიტიკული, განსხვავებული ან ხელისუფლებისთვის მიუღებელი დისკურსიც მოექცევა.

განსაკუთრებით სენსიტიურია ეს საკითხი კულტურული და რელიგიური სივრცის კონტექსტში, რადგან ბუნდოვანი განსაზღვრებების პირობებში არსებობს საფრთხე, რომ კრიტიკული ან განსხვავებული აზრი "სიძულვილის ენად" იქნეს ინტერპრეტირებული, რაც საბოლოოდ დაასუსტებს როგორც აკადემიურ თავისუფლებას, ისე საზოგადოებრივი დებატის კულტურას. ამ კონტექსტში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ის ბალანსი, რომელიც ერთდროულად დაიცავს ადამიანის ღირსებასაც და თავისუფლებასაც.

ამავე დროს, ქრისტიანული ეთიკა უარყოფს ადამიანის დამცირებას, სიძულვილსა და ძალადობას, რადგან ადამიანი ღვთის ხატებად მოიაზრება და მისი ღირსება ხელშეუვალია.

თუმცა ქრისტიანული ტრადიცია ასევე ეფუძნება სინდისის თავისუფლებას, პიროვნულ პასუხისმგებლობასა და ჭეშმარიტების თავისუფალი გამოთქმის შესაძლებლობას. სწორედ ამიტომ ეკლესიისთვის მიუღებელია როგორც ადამიანის დამცირებისა და სიძულვილის ყოველგვარი ფორმა, ისე თავისუფლების შეზღუდვა.

აქედან გამომდინარე, ნებისმიერი მსგავსი ინსტიტუციის ლეგიტიმურობა დამოკიდებულია სამართლებრივი განსაზღვრებების სიზუსტეზე, ინსტიტუციურ დამოუკიდებლობასა და იმ ბალანსზე, რომელიც თანაბრად დაიცავს ადამიანის ღირსებასაც და სიტყვის თავისუფლებასაც.

წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს საფრთხე, რომ სიძულვილის ენასთან ბრძოლის იდეა თანდათან გადაიქცეს საზოგადოებრივი დისკურსისა და ცნობიერების კონტროლის მექანიზმად, რაც საბოლოოდ დააზიანებს როგორც თავისუფლებას, ისე დემოკრატიული თანაცხოვრებისა და სულიერი კულტურის საფუძვლებს." - წერს მეუფე ზენონი.


ცნობისთვის, გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი სამმართველოს შექმნის შესახებ,18 მაისს, ივანიშვილის წარმომადგენელმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მანვე თქვა, რომ "სამმართველო იმოქმედებს პროაქტიულ რეჟიმში და რეაგირება არ იქნება დამოკიდებული მხოლოდ მოქალაქის საჩივარზე." 

18 მაისს, პროპაგანდისტულ რუსთავი 2-ზე შს მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძემ სამმართველოს პროაქტიულობაზე ისაუბრა. 

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ადამიანი თავად არ გრძნობს თავს შეურაცხყოფილად და არ მიმართავს სასამართლოს, რატომ მიმართავენ მის ნაცვლად? შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ უპასუხა, რომ ეს სახელმწიფოს ვალდებულებაა.

კომენტარები