ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ადამიანი თავად არ გრძნობს თავს შეურაცხყოფილად და არ მიმართავს სასამართლოს, რატომ მიმართავენ მის ნაცვლად? შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ უპასუხა, რომ ეს სახელმწიფოს ვალდებულებაა.
"ამ შემთხვევაში, ეს ქმედება სახელმწიფოს ავალდებულებს კონსტიტუციიდან გამომდინარე, რომ დაიცვას ადამიანის ღირსება, თუკი, პოლიციის შესაბამისი თანამშრომელი ხედავს, რომ ამ საჯარო გამონათქვამში, საჯარო პოსტი იქნება თუ სხვადასხვა ტიპის გამონათქვამი, ხედავს რომ აქ არის კონკრეტული სამართალდარღვევის ნიშნები, ამ შემთხვევაში ჩვენი ვალდებულებაა მოვახდინოთ რეაგირება და არა ეს უფლება.
შესაბამისად, როცა სასამართლოში იქნება განხილვა, ბუნებრივია, მოსამართლეს ექნება საშუალება თავად დაზარალებულის პოზიცია, თუ ის არ გამოთქვამს პროტესტს ამ საკითხთან მიმართებაში, მოსამართლე მიიღებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, ეს იქნება მისთვის შემამსუბუქებელი გარემოება და ბუნებრივია მიიღებს გადაწყვეტილებას." - უპასუხა დარახველიძემ.
მისი თქმით, ვრცელდება ნარატივი, თითქოს, "ცენზურის პოლიცია უნდა შეიქმნას".
"თითქოს ეს არის ცენზურის დეპარტამენტი და ასე შემდეგ. ადამიანის ღირსების დაცვა არის სახელმწიფოს ვალდებულება, შესაბამისად, თუკი სხვა პირის ქმედებაში ირღვევა კონკრეტული ადამიანის ღირსება და ეს ქმედება მიმართულია ამ ადამიანის წინააღმდეგ, ამ შემთხვევაში სახელმწიფოს ვამდებულებაა მოახდინოს რეაგირება და ამ რეაგირების მოხდენა რატომ უნდა ჩაითვალოს რაღაც ტიპის ცენზურის დაწესებად.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ როცა მოქმედი რედაქციებით ხდებოდა ისედაც რეაგირება, როდესაც გაწერილია ეს კონსტიტუციაში, ჩვენს მოქმედ კანონმდებლობაში და ასე შემდეგ, აქედან გამომდინარე ჩვენ ვიმოქმედებთ ზუსტად იმ ფარგლებში, რა ფარგლებიც დაადგინა საქართველოს კონსტიტუციამ, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ." - თქვა დარახველიძემ პროპაგანდისტული რუსთავი 2-ის ეთერში.
ცნობისთვის, დღეს, ივანიშვილის წარმომადგენლმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ შსს-ში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის მთავარი ფუნქციაც "საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება"
მდინარაძემ ისიც თქვა, რომ ეს სამმართველო პროაქტიულ რეჟიმში იმუშავებს და რეაგირება არ იქნება დამოკიდებული მხოლოდ მოქალაქის საჩივარზე.




