საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში 4 პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვის მოთხოვნით შესულ სარჩელზე სასამართლო მეგობრის პოზიცია წარადგინეს.
"2026 წლის 21 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შევიდა, რომლითაც მოთხოვნილია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების - ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა, კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა, ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის და პარტია ფედერალისტების აკრძალვა.
აღსანიშნავია, რომ დოკუმენტი თითქმის იმეორებს 2025 წლის 31 ოქტომბერს შეტანილი სარჩელის შინაარსს, თუმცა, წინა სარჩელისგან განსხვავებით, დამატებით მოთხოვნილია პარტია ფედერალისტების აკრძალვაც. საიამ სასამართლო მეგობრის პოზიცია წინა სარჩელთან დაკავშირებითაც წარადგინა, ხოლო 2026 წლის 14 მაისს სასამართლოს მიეწოდა სასამართლო მეგობრის პოზიცია ახალ სარჩელთან დაკავშირებითაც.
სასამართლოსთვის მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკითხის განხილვა მიმდინარეობს არსებითად მძიმე პოლიტიკური კონტექსტის პირობებში, რომელიც ხასიათდება: ძალაუფლების ერთი პარტიის ხელში თავმოყრით, დემოკრატიული პლურალიზმის პრინციპების თანდათანობითი ეროზიით, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და ავტონომიური სამოქალაქო სივრცეების სისტემური შევიწროებით, ასევე, სამართლებრივი ჩარჩოს ვიწროპარტიული ინტერესებისთვის ინსტრუმენტალიზაციით." - წერია საიას გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, 2025 წლის 28 ოქტომბერს, ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ რეჟიმის კონსტიტუციური სარჩელით, რომელსაც ივანიშვილის სატელიტი პოლიტიკური მოძრაობები ხალხის ძალა და ევროპული სოციალისტები უერთდებიან, 3 პოლიტიკური პარტიის აკრძალვას მოითხოვენ.
მაშინ პაპუაშვილმა მხოლოდ სამი პარტია დაასახელა - ნაციონალური მოძრაობა, ახალი, ლელო და განმარტა, რომ მათთან დაკავშირებული "ერთკაციანი და მცირე პარტიების" არაკონსტიტუციურად გამოცხადება, ამ ეტაპზე, დღის წესრიგში არ დგას, თუმცა შესაძლოა დადგეს თუ ისინი "პოლიტიკურ პროცესზე არსებით გაველნას შეიძენენ"
ხოლო 20 აპრილს, პაპუაშვილმა თქვა, რომ პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელში ფედერალისტებსაც ამატებენ.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საიამ სასამართლოს მეგობრის მოსაზრება მაშინაც წარადგინა, როცა ასაკრძალი პარტიების სიაში სამი პოლიტიკური გაერთიანება იყო.





