ოპოზიციური პარტიების აკრძალვა

რომელ პარტიებს და რატომ (არ) კრძალავს რეჟიმი

ოპოზიციური პარტიების აკრძალვა

რომელ პარტიებს და რატომ (არ) კრძალავს რეჟიმი

28 ოქტომბერს, ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ რეჟიმის კონსტიტუციური სარჩელით, რომელსაც ივანიშვილის სატელიტი პოლიტიკური მოძრაობები ხალხის ძალა და ევროპული სოციალისტები უერთდებიან, 3 პოლიტიკური პარტიის აკრძალვას მოითხოვენ. 

ეს პარტიებია: ნაციონალური მოძრაობა, ახალი და ლელო

პაპუაშვილის განცხადებით, მათთან დაკავშირებული "ერთკაციანი და მცირე პარტიების" არაკონსტიტუციურად გამოცხადება, ამ ეტაპზე, დღის წესრიგში არ დგას, თუმცა შესაძლოა დადგეს თუ ისინი "პოლიტიკურ პროცესზე არსებით გაველნას შეიძენენ". 

მნიშვნელოვანი გარემოებაა ისიც, რომ ივანიშვილის პარტიის კონსტიტუციური სარჩელი, ამ ეტაპზე, ინდივიდებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას არ ითვალისწინებს. პაპუაშვილის განმარტებით, იმ ადამიანების "არაკონსტიტუციური პოლიტიკური საქმიანობის აღკვეთა", რომლებიც არაკონსტიტუციურ პარტიებთან იქნებიან დაკავშირებული, "მემკვიდრე პარტიის ინსტრუმენტით" შეეძლებათ.

რეჟიმის განცხადებით, არაკონსტიტუციურად გამოსაცხადებელი პარტიების განსაზღვრისას "საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომების გათვალისწინებით" იმსჯელეს. კრიტერიუმი კი ორი ჰქონდათ:

  1. რამდენად მყარია კონკრეტული პარტიის არაკონსტიტუციურობის სამართლებრივი დასაბუთება; 
  2. რამდენად უქმნის კონკრეტული არაკონსტიტუციური პარტია მისი ზომით, ორგანიზაციული სტრუქტურით თუ პოლიტიკური გავლენით რეალურ საფრთხეს კონსტიტუციურ წყობილებას.

გთავაზობთ პაპუაშვილის განცხადებას

რომელი პარტიების აკრძალვას ითხოვს რეჟიმი:

ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილია შემდეგი სამი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა, რომლებმაც საერთო მისწრაფებებით მოქმედი კოალიციური ერთობა და ერთიანი ორგანიზმი შექმნეს და დღესაც ასე მოქმედებენ. ეს პარტიებია (პარტიების რეესტრში მითითებული მათი იურიდიული დასახელებებით):

  • მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა;
  • მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა;
  • მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის.

რომელი პარტიების აკრძალვას არ ითხოვს რეჟიმი:

პაპუაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე, არ აიკრძალებიან ამ კოალიციებში შემავალი და სხვა "მცირე პარტიები", რომლებიცაა:

  • ელენე ხოშტარია - დროა
  • გირჩი - მეტი თავისუფლება
  • კი ევროპას - სტრატეგია აღმაშენებელი
  • ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის
  • ფედერალისტური პარტია
  • საქართველოს რესპუბლიკური პარტია
  • და "სხვა ფიქტიური, ერთკაციანი და მცირე პარტიები"

"ვინაიდან მათ ამჟამად, მათი სიდიდით, ორგანიზაციული სტრუქტურით არსებითი გავლენა, მათ შორის, საარჩევნო ბარიერის გადალახვის რეალური პერსპექტივა არ გააჩნიათ, ამ ეტაპზე მათი აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება. მათი არაკონსტიტუციურობის საკითხი დღის წესრიგში შეიძლება დადგეს მოგვიანებით, იმ შემთხვევაში, თუ ისინი პოლიტიკურ პროცესზე არსებით გავლენას შეიძენენ". - განაცხადა პაპუაშვილმა. 

რა დასაბუთებით იკრძალებიან პარტიები:

პაპუაშვილის განცხადებით, აღნიშნული 3 პარტიის - ენმ, ახალი და ლელო, "არაკონსტიტუციური მიზნების ერთიანობას ადასტურებს" რამდენიმე გარემოება, კერძოდ:

"აღნიშნული პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელი პირები ნაციონალური მოძრაობის ან მისი მონაწილეობით შექმნილი საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ იქნენ სხვადასხვა მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრებად, ეკავათ სხვადასხვა პარტიული თუ პოლიტიკური თანამდებობა.

აღნიშნული პოლიტიკური პარტიები წლების განმავლობაში თვისებრივად ერთნაირი პოზიციით წარმოჩინდებოდნენ, ქმნიდნენ საერთო მისწრაფებით მოქმედ კოალიციურ ერთობას და ერთიან ორგანიზმს და დღესაც ასე მოქმედებენ" - განაცხადა პაპუაშვილმა. 

შეუწყვეტენ თუ არა არაკოსტიტუციურად გამოცხადებული პარტიების წევრებს წარმომადგენლობით ორგანოებში უფლებამოსილებებს:

ამ მდგომარეობით, "არაკონსტიტუციურად გამოსაცხადებელი" პარტიებიდან წარმომადგენლობით ორგანოებში წევრები მხოლოდ ლელოს ჰყავს.

2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებს 3 პარტიიდან ორმა - ენმ-მ და ახალმა ბოიკოტი გამოუცხადა, ლელომ კი ქვეყნის მასშტაბით საკრებულოებში 59 მანდატი მოიპოვა. 

პაპუაშვილის განცხადებით, "ამომრჩეველთა ნებას პატივს სცემენ", რის გამოც, ლელოს საკრებულოებში მანდატები შეუნარჩუნდება.

"ჩვენი კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილი არ იქნება არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული წარმომდგენლობითი ორგანოს წევრების უფლებამოსილების შეწყვეტა, რაც დღევანდელი მდგომარეობით, რელევანტური იქნებოდა მხოლოდ პარტია ლელოს სახელით საკრებულეობში გასულ 59 წევრთან დაკავშირებით. ამით, უპირველეს ყოვლისა, გვსურს, პატივი ვცეთ მათ ამომრჩევლებს და განსხვავებით თავად პარტია ლელოსგან, რომელმაც მისი ამომრჩევლისგან მინიჭებულ საპარლამენტო მანდატების მიღებაზე უარი თქვა, საკრებულოებში შევინარჩუნოთ ამომრჩევლის მიერ გაცემული მანდატები". - განაცხადა პაპუაშვილმა. 

რატომ არ იკრძალება გახარია - საქართველოსთვის:

მიუხედავად იმისა, რომ რეჟიმი ქართული ოცნების ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას პარტიას ყოველთვის "კოლექტიური ნაც.მოძრაობის წევრად" მოიხსენიებდა და საკონსტიტუციო სარჩელის წინაპირობად აღიარებულ წულუკიანის კომისიაზე გიორგი გახარია 2-ჯერ გამოკითხეს, ქართული ოცნება პარტია გახარია - საქართველოსთვის აკრძალვას არ ითხოვს. 

როგორც პაპუაშვილი განმარტავს, აღნიშნული გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ გახარიას პარტიამ პარლამენტის ბოიკოტი შეწყვიტა. 

"რაც შეეხება გახარია საქართველოსთვის პარტიას, ორ კრიტერიუმს ეფუძნება ჩვენი მოთხოვნები, არაკონსტიტუციურობის დასაბუთება და პარტიის რელევანტურობა. გახარიას პარტიის შემთხვევაში მთავარი სამართლებრივი ხაზი იქნებოდა არჩევნების საბოტაჟი, თუმცა, მათ, რადგან მანდატები შეინარჩუნეს და რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ პარლამენტში საქმიანობას განაახლებდნენ და დღეს განაახლეს კიდევ, ამ მხრივ ამ არგუმენტიდანაც თავი გაითავისუფლეს". - განაცხადა პაპუაშვილმა. 

შეგახსენებთ, გახარიას წულუკიანის კომისიაზე გამოკითხვის შემდეგ ჩორჩანას საგუშაგოს საქმეზე პროკურატურამ გამოძიებაც დაიწყო

მიუხედავად 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისა, რეჟიმი პარტია ლელოს აკრძალვას მაინც მოითხოვს, რადგან მათ საპარლამენტო ბოიკოტზე უარი არ თქვეს:

"რაც მთავარია, ერთ-ერთი მთავარი დასაბუთება, მაგალითად ლელოსთან დაკავშირებითაც ეს არის, რომ იყვნენ მონაწილეები არჩევნების საბოტაჟისა, არ აღიარებისა და ასე შემდეგ და დღესაც მანდატები მათ გაუქმებული აქვთ, ამიტომ ეს სამართლებრივი ხაზი გახარია საქართველოსთვის პარტიასთან დაკავშირებით, ორი მიზეზის გამო, ერთი, რომ მართალია პარლამენტში არ დადიოდნენ, თუმცა მანდატები შენარჩუნებული ჰქონდათ, მაგრამ საბოლოო ჯამში, მათ შორის, პარლამენტში აქტიური სამუშაო განაახლეს სამართლებრივად დაიძვრინეს თავი" - განმარტა ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ.

აეკრძალებათ თუ არა ინდივიდებს პოლიტიკური საქმიანობა:

პაპუაშვილის განცხადებით, სარჩელი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა შეიტანონ არ შეიცავს არაკონსტიტუციურ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვის მოთხოვნას.

"ჩვენ ამ ეტაპზე ინდივიდებთან დაკავშირებით სასარჩელო მოთხოვნა არ გვაქვს, რადგან ინსტრუმენტი, რომელიც არსებობს მემკვიდრე პარტიის სახით იძლევა უფრო ფართო შესაძლებლობას, რომ ის ადამიანები, რომლებიც იქნებიან დაკავშირებულნი აკრძალულ პარტიებთან, მათი არაკონსტიტუციური პოლიტიკური საქმიანობა აღვკვეთოთ. ანუ უფრო მოქნილი და ფართო ინსტრუმენტია, ვიდრე ეს იქნებოდა, თუკი ჩვენ ინდივიდებისგან შემდგარ სიას ჩამოვაყალიბებდით და ჩვენ ვამჯობინეთ ამ გზით წასვლა ამ ეტაპზე" - განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორია სარჩელის სამართლებრივი დასაბუთება:

კონსტიტუციის 23-ე მუხლი დაუშვებლად მიიჩნევს ისეთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობას, რომლის მიზანია "საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს".

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მათი კონსტიტუციური სარჩელი კონსტიტუციის სწორედ ამ მუხლით გათვალისწინებულ დარღვევებს ეფუძნება, კერძოდ:

  • საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ძალადობით შეცვლა - რაც თავის მხრივ ორ ქვეპუნქტს მოიცავს: 1. ადამიანის უფლებების ხელყოფა; 2. საყოველთაო არჩევნების გზით არჩეული ორგანოების ლეგიტიმურობის აღიარებაზე უარის თქმა, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლის მცდელობები. 
  • საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა - რაც ასევე ორ ქვეპუნქტს მოიცავს: 1. 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული მოვლენები; 2. 2012 წლის შემდეგ განვითარებული მოვლენები.

მივყვეთ დეტალურად: პაპუაშვილის განცხადებით, წულუკიანის კომისიაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება ენმ-ს ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, "ადამიანის უფლებების ხელყოფა გასცილდა ერთეული შემთხვევების ფარგლებს და მიიღო სისტემური და სისტემატური ხასიათი".

პაპუაშვილის განმარტებით, ეს ყველაფერი გამოიხატებოდა, "პენიტენციურ დაწესებულებებში წამების პრაქტიკის, მკვლელობებისა და სხვაგვარი ძალადობის პრაქტიკის, პირთა უკანონო თვალთვალის, უკანონო მიყურადებისა და პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო, აუდიო და ფოტომასალის უკანონოდ შექმნის, შენახვისა და გამოყენების პრაქტიკის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების საკუთრების ან სხვა უფლების ხელმყოფი პრაქტიკის და ქონების გამოძალვისა და საკუთრების უფლების ხელყოფის პრაქტიკის დანერგვით".

რაც შეეხება "საყოველთაო არჩევნების გზით არჩეული ორგანოების ლეგიტიმურობის აღიარებაზე უარის თქმა, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლის მცდელობებს", ივანიშვილის რეჟიმის მიერ მომზადებული სარჩელი ამ ქვეპუნქტში გულისხმობს, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ 2012 წლის შემდეგ ჩატარებული სხვადასხვა არჩვენებისთვის გამოცხადებულ ბოიკოტს.

აღსანიშნავია, რომ ბოიკოტის გამოცხადებისას ოპოზიციური პარტიები მიუთითებდნენ ცესკოს მიერ საარჩევნო პროცესში დარღვევებსა და შესაძლო გაყალბებულ შედეგებზე.

"საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების ჩატარებიდან დღემდე საქართველოში ჩატარდა 9 მორიგი საყოველთაო არჩევნები. აღნიშნული არჩევნების შედეგებისა და ამ არჩევნების გზით არჩეული ორგანოების ან თანამდებობის პირების ლეგიტიმურობის აღიარებაზე მთელ რიგ შემთხვევებში უარი თქვეს და ამ გზით საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ არაერთი საბოტაჟი აწარმოეს კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულმა არაკონსტიტუციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს არჩევნები საქართველოს კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარდა". - განაცხადა პაპუაშვილმა.

საუბარია: 2016 წლის საპარლამენტო, 2018 წლის საპრეზიდენტო, 2020 წლის საპარლამენტო, 2021 წლის თვითმმართველობის და 2024 წლის საპარლამენტო არჩვენებზე. 

გარდა ამისა, საკონსტიტუციო სარჩელში წერია, რომ 2019 წლის ივნისში ნაციონალური მოძრაობა და მათთან "მჭიდროდ დაკავშირებული სხვა პოლიტიკური პარტიები საქართველოს პარლამენტის სასახლის შტურმით აღებას შეეცადნენ" - რეჟიმი ე.წ. გავრილოვის ღამეს გულისხმობს.

ცნობისთვის, 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე ანტირუსული და მშვიდობიანი აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა ძალადობრივად, ჯერ რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით, შემდეგ კი წყლის ჭავლებით დაარბია. ჯამში დარბევისას 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან 160 მშვიდობიანი დემონსტრანტი იყო. ზოგიერთ მათგანს ხშირად ერთის ნაცვლად, რამდენიმე რეზინის ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. რეზინის ტყვიის დამიზნებით სროლის შედეგად რამდენიმე ახალგაზრდამ თვალი დაკარგა, ხოლო მართვით სუნთქვაზე 2 ადამიანი იყო.

ყველაფერი 20 ივნისის მოვლენების შესახებ, წაიკითხეთ აქ. 

"ზემოაღნიშნული ქმედებების პარალელურად და მათ გაგრძელებად, არაკონსტიტუციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა 2022-2025 წლებში განახორციელეს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლის რამდენიმე მცდელობა.

არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების მიერ დემოკრატიული წესით არჩეული ხელისუფლების არალეგიტიმურად შერაცხვის პირველი მცდელობა 2016 წელს დაფიქსირდა, 2018 წლიდან ამ მცდელობამ სისტემატური, ხოლო 2020 წლიდან კი სისტემური და უწყვეტი სახე შეიძინა. ამასთან, დემოკრატიული წესით არჩეული ხელისუფლების არალეგიტიმურად გამოცხადებას 2019-2025 წლებში ერთვოდა საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და ძალადობით შეცვლის, მთლიანობაში, ექვსი უშუალო მცდელობა, რაც ადასტურებს, რომ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისკენ ან ძალადობით შეცვლისკენ მიმართული საქმიანობა, რომელსაც არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები აწარმოებენ ხანგრძლივი, სისტემატური, სისტემური და აქტუალურია, რაც დღეს ამ მიზნის აქტუალურობასაც უტყუარად ცხადჰყოფს". - განაცხადა პაპუაშვილმა. 

"საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის" ნაწილში რეჟიმი პირველ რიგში 2008 წლის აგვისტოს ომს გულისხმობს, წულუკიანის დასკვნის საფუძველზე, ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ დაიწყო, რისი საფუძვლის მომზადებაც "2004 წლიდან დაიწყეს"

"ნაციონალურმა მოძრაობამ 2004 წლიდან გეგმაზომიერად და თანამიმდევრულად განახორციელა ქმედებები და ღონისძიებები, რომლებმაც ხელი შეუწყო არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, არამედ საოკუპაციო ძალის მიერ ოკუპაციასთან მიმართებით პოლიტიკური პოზიციების გამყარებასაც". - განაცხადა პაპუაშვილმა. 

გარდა ამისა, რეჟიმს საკონსტიტუციო სარჩელის დასაბუთებაში "2012 წლის შემდეგ განვითარებული მოვლენებიც" მოჰყავს, კერძოდ, სასუბარია ქართული ოცნების ერთ-ერთ მთავარ პროპაგანდისტულ ხაზზე - რომლის მიხედვითაც, ოპოზიცია საქართველოს ომში ჩართვას და უვიზო რეჟიმის შეჩერებას მოითხოვდა, ასევე ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს ხელს უშლიდა - შეგახსენებთ, სწორედ 2024 წლის 28 ნოემბერს, რეჟიმის მიერ ამ უკანასკნელზე უარის თქმას მოჰყვა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და გაგრძობადი პროტესტი საქართველოში. 

 "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის პერსპექტივის დაზიანება და საქართველოსა და რუსეთს შორის აქტიური საომარი მოქმედებების გაჩაღების მცდელობა-ხელშეწყობა.

2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველივე წუთებიდან გამოვლინდა  არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების მიზანი და მცდელობა, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის კონფლიქტი მაქსიმალურ ნიშნულამდე გაემწვავებინათ. არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები დღემდე ცდილობენ, საქართველოსა და რუსეთს შორის ვითარება გამწვავდეს იგივე ფორმითა და ხარისხით, რა ფორმითა და ხარისხითაც ამას 2008 წლის ომამდე ნაციონალური მოძრაობა ახორციელდებდა.

საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფაში უცხოური ძალისთვის ხელის შეწყობა.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის პერსპექტივის დაზიანებასა და საქართველოსა და რუსეთს შორის აქტიური საომარი მოქმედებების გაჩაღების მცდელობა-ხელშეწყობასთან ერთად, 2012 წლის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობა სხვა მიმართულებითაც ხორციელდება; კერძოდ, ეს პოლიტიკური პარტიები ისწრაფვიან, სხვადასხვა საკითხთან მიმართებით უცხოეთიდან "დაისაჯოს" საქართველოს სახელმწიფო და საქართველოს ხელისუფლება, რათა საქართველოს მოქალაქეებში უკმაყოფილება დაგროვდეს, ისინი მათ მიერ კანონიერად არჩეულ ხელისუფლებას დაუპირისპირდნენ და ეს პროცესები საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟის მექანიზმად და საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის ბერკეტად იქნეს გამოყენებული. კერძოდ, ეს მცდელობები მოიცავს:

  • ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეთათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებისა და შენარჩუნების საკითხისთვის საზიანო ქმედებებს,
  • ევროპის კავშირში საქართველოს გაწევრების მიმართულებით ქვეყნისთვის ხელშემშლელ ქმედებებს,
  • საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ხელისუფლებაზე უცხოეთიდან სისტემატური საინფორმაციო თავდასხმებს, სანქციების დაწესების მცდელობებს და ამის ხელშეწყობას.

ამრიგად, 2004-2012 წლებში ნაციონალურმა მოძრაობამ ხელყო საქართველოს დამოუკიდებლობა და მიზანმიმართულად შექმნა ნიადაგი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასარღვევად, ხოლო 2012 წლის შემდეგ ამ პოლიტიკურმა პარტიამ და სხვა არაკონსტიტუციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა განახორციელეს საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მრავალი მცდელობა". - განაცხადა პაპუაშვილმა. 

რა არის საკონსტიტუციო სარჩელის წინაპირობა:

პაპუაშვილის განცხადებით, 3 პარტიის აკრძალვის მთავარი წინაპირობა "სახალხო მანდატის საფუძველზე", ივანიშვილის პარლამენტში შექმნილი წულუკიანის კომისიის დასკვნაა.

"ჩვენი ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილია რამდენიმე პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა. სხვა დარღვევებთან ერთად, მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები, პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმში, უარყოფენ საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური პარტიის როგორც საშინაოპოლიტიკურ, ისე საგარეოპოლიტიკურ ლეგიტიმაციას და შესაბამისად, მის კონსტიტუციურობას. ამით, აღნიშნული პარტიები აღიარებენ რომ მათსა და მმართველ პარტიას შორის ერთ-ერთი მხარე უსათუოდ არაკონსტიტუციურად უნდა შეირაცხოს. ჩვენს სარჩელში წარმოდგენილია მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ არაკონსტიტუციური მიზნები სწორედ ამ პოლიტიკურ პარტიებს ამოძრავებს". - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


ქართული ოცნების მიღებული კანონმდებლობით, "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონის 36-ე მუხლს მე-2 პუნქტი დაემატა, რომლის მიხედვით საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი, საქმიანობის არსი და შემადგენლობა "არსებითად იმეორებს"  სასამართლოს მიერ აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს, საქმიანობის არსსა და პერსონალურ შემადგენლობას.

პარტიების აკრძალვის თანმდევი კანონების ცვლილებები III მოსმენით 16 ოქტომბერს მიიღეს.

კომენტარები