ივანიშვილის წარმომადგენლის, შალვა პაპუაშვილის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში ახალ, "დაკორექტირებულ სარჩელს" შეიტანენ პარტიების აკრძალვის მოთხოვნით, სადაც კოალიცია ცვლილებისთვის, ნაციონალურ მოძრაობას და ლელოსთან ერთად, პარტია ფედერალისტების აკრძალვასაც მოითხოვენ.
"იცით, რომ მას შემდეგ რაც 2026 წლის 2 მარტს რადიკალურმა ოპოზიციურმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას და შექმნეს ე.წ. ალიანსი, სადაც განაცხადეს, რომ ექნებათ საერთო სტრატეგიული მიზნები და მათ შორის, თქვეს რომ იმუშავებენ იმაზე, რომ მათი მიზანი არის კონსტიტუციის არაღიარება, კონსტიტუციური ინსტიტუტების არაღიარება, არჩევნებისთვის ძირის გამოთხრა და ზოგადად, დემოკრატიული პროცესის არაღიარება. მათ შორის, გაერთიანდნენ 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის ორგანიზატორები. ვთქვით, რომ ეს იქნებოდა საფუძველი, რომ ჩვენი კონსტიტუციური სარჩელისთვის რომელიც საკონსტიტუციოშია შეტანილი, გადაგვეხედა.
[...] ამიტომ, დღეს მივმართავთ საკონსტიტუციოს ახალი სარჩელით, ამავე დროს, გამოვითხოვთ ძველ სარჩელს, რომელიც გვქონდა ამ არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით, და მივმართავთ ახალი სარჩელით, რომელშიც გავზრდით ჩამონათვალს. კერძოდ, თუკი თავდაპირველ სარჩელში ეს იყო 3 პარტია - ნაციონალური მოძრაობა, კოალიცია ცვლილებისთვის და ლელო, ახლა სარჩელში ამ სამ პარტიასთან იქნება ფედერალისტური პარტია.
[...] რა თქმა უნდა ამ ალიანსში არიან სხვა პარტიებიც, თუმცა, ისევე, როგორც წინა შემთხვევაში, ვთქვით, რომ ვუყურებთ რა არის მიზნები, რამდენად არაკონსტიტუციური მიზნები აქვს ამა თუ იმ პარტიას, მეორეს მხრივ, ასე ვუყურებთ, თუ რამდენად არსებითია მათი გავლენა პოლიტიკაზე. დღეს ვიცით, რომ ამ ალიანსის ლიდერები არიან მიხეილ სააკაშვილი, გიგა ბოკერია და ნიკა გვარამია. ეს არის ნაცმოძრაობის კრიმინალური რეჟიმის 3 მაღალჩინოსანი, რომელიც დღეს ამ კვლავგაერთიანებული ნაციონალური მოძრაობის ალიანსის სახით ცდილობს, რომ ქვეყანა აქციოს მარიონეტულ სახელმწიფოდ. შესაბამისად, ჩვენ გვქონდა მსჯელობა კონსტიტუციურ სარჩელზე, შესაბამისად, მეოთხე პარტიად დაემატება ფედერალისტური პარტია". - თქვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, პარტია ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი 2025 წლის 16 ნოემბერს ამბობდა, რომ სანამ ნაციონალური მოძრაობა აკრძალულია, ფედერალისტები არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ.
"სანამ ნაციონალური მოძრაობა აკრძალულია, ფედერალისტები არჩევნებში არ შევალთ, მიუხედავად იმისა, როგორც არ უნდა გვძულდეს ეგ პარტია იმიტომ, რომ არ არის ეგ სწორი". - თქვა ჩერგოლეიშვილმა გასულ წელს.
28 ოქტომბერს, ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ რეჟიმის კონსტიტუციური სარჩელით, რომელსაც ივანიშვილის სატელიტი პოლიტიკური მოძრაობები ხალხის ძალა და ევროპული სოციალისტები უერთდებიან, 3 პოლიტიკური პარტიის აკრძალვას მოითხოვდნენ.
ეს პარტიებია - ნაციონალური მოძრაობა, ახალი და ლელო.
2025 წლის 4 ნოემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ქართული ოცნების კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც ივანიშვილის გუნდი ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ითხოვდა.
სარჩელში ასევე არის "მცირე პარტიების" ჩამონათვალი, რომლის აკრძალვასაც ოცნება მაშინ არ ითხოვდა, თუმცა მათი "არაკონსტიტუციურობის საკითხი დღის წესრიგში შეიძლება დადგეს მოგვიანებით, იმ შემთხვევაში, თუ ისინი პოლიტიკურ პროცესზე არსებით გავლენას შეიძენენ".





