ივანიშვილის დეპუტატი, ირაკლი ზარქუა, საფრანგეთის ასამბლეის მიერ საქართველოზე მიღებულ კრიტიკულ რეზოლიციაზე ამბობს, რეზოლუცია ქართული ოცნებისთვის უინტერესეოა და რომ საფრანგეთს "მილიონი პრობლემა აქვს".
"იქ, სადაც არის უსაფუძვლო, უარგუმენტო, რეზოლუცია ჩვენ არ გვაინტერესებს, მით უმეტეს, საფრანგეთიდან, სადაც მილიონი პრობლემა აქვთ და ის სარკოზი, თუ რა გვარია?! მაკრონი თვითონ საკუთარ ხალხში ვერ გადის, დასცინის მთელი.." - ამბობს ივანიშვილის დეპუტატი ირაკლი ზარქუა საფრანგეთის ასამბლეის რეზოლუციაზე [სტილი დაცულია] TV პირველთან.
ჟურნალისტის რეპლიკაზე "მაკრონთან შეხვედრა უხარია, ირაკლი კობახიძეს". ზარქუამ უპასუხა: "უხარია ახლა, ლიდერები არიან ამა თუ იმ ქვეყნის, მაგრამ უყურეთ, როგორც მერცი (გერმანიის კანცლერი), როგორც დანარჩენები, ეს ლიდერები, რომლებიც არიან ე.წ. ევროპის და დემოკრატიას წარმოადგენენ, საკუთარ ქვეყნებში რეიტინგი აქვთ, რა ვიცი, ძაან დაბალი" - თქვა ზარქუამ [სტილი დაცულია].
11 მაისს საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა კრიტიკულ რეზოლუციას, რომელიც "გმობს საქართველოს მთავრობის არალიბერალურ და ავტორიტარულ მიმართულებას და კვლავ ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ".
რეზოლუცია მოუწოდებს საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას, ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობით, მხარი დაუჭიროს ზემოხსენებული 2025 წლის 13 თებერვლის ევროპარლამენტის რეზოლუციაში ნახსენები პირების წინააღმდეგ ტარგეტირებული ინდივიდუალური სანქციების დაწესებას, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილისა და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ, ევროპარლამენტის მოწოდების შესაბამისად და აშშ-ს მიერ უკვე შემოღებული სანქციების მსგავსად.




