ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი

"ვგმობთ ავტორიტარულ გეზს" – საფრანგეთის ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის შენობის ფასადი

11 მაისს საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა კრიტიკულ რეზოლუციას, რომელიც "გმობს საქართველოს მთავრობის არალიბერალურ და ავტორიტარულ მიმართულებას და კვლავ ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ".

კენჭისყრაზე რეზოლუციას 68 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო მოწინააღმდეგე 28 იყო – რეზოლუციის მიღებას კი 49 ხმა სჭირდებოდა

მიღებულ ტექსტში საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის დეპუტატები "გამოხატავენ სრულ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ, რომლებიც თავიანთი დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის მობილიზებულები არიან". 

რეზოლუცია "გმობს საქართველოს მთავრობის ავტორიტარულ მიმართულებას, ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, შეზღუდვებს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაზე, და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებას."

ტექსტში ასევე "შეშფოთებაა გამოთქმული" BBC-ის გამოძიებასთან დაკავშირებით: "ამ მიგნებებმა სერიოზული განგაში გამოიწვია საერთაშორისო საზოგადოებაში და მათ სიმძიმეს ამყარებს საერთაშორისო მეცნიერულ ჟურნალ Toxicology Report-ში გამოქვეყნებული კვლევა". რეზოლუციაში ფრანგი დეპუტატები მხარს უჭერენ საერთაშორისო დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების მოთხოვნასაც. 

ამავდროულად, რეზოლუცია "მოუწოდებს ევროპულ ინსტიტუტებს, ძალაში დატოვონ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება, სანამ პოლიტიკური კრიტერიუმები, კერძოდ, პოლიტიკური პლურალიზმისა და ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა, როგორიცაა, გამოხატვის თავისუფლების, შეკრებისა და თავისუფალი, სამართლიანი და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების უფლებები, ეფექტურად არ იქნება დანერგილი."

ამას გარდა, რეზოლუციაში პარლამენტის წევრები ქვეყნის მთავრობას საქართველოში "დემოკრატიული აქტორების" მხარდაჭერისკენ და ქართული ოცნების მთავრობასთან პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნის დაყენებისკენ მოუწოდებენ:

"მოუწოდებს საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას, რომ აქტიურად დაუჭიროს მხარი საქართველოში დემოკრატიულ აქტორებს, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებს, დამოუკიდებელ მედიასა და აკადემიურ ინსტიტუტებს; 

მოუწოდებს საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას, რომ საჯაროდ დაგმოს გარე ჩარევა, განსაკუთრებით, საქართველოს პოლიტიკურ ინსტიტუტებსა და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე რუსული რეჟიმის მიერ გავრცელებული გავლენა;

მოუწოდებს საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას, მტკიცედ გააგრძელოს საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა;

მოუწოდებს საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას, ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობით, მხარი დაუჭიროს ზემოხსენებული 2025 წლის 13 თებერვლის ევროპარლამენტის რეზოლუციაში ნახსენები პირების წინააღმდეგ ტარგეტირებული ინდივიდუალური სანქციების დაწესებას, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილისა და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ, ევროპარლამენტის მოწოდების შესაბამისად და აშშ-ს მიერ უკვე შემოღებული სანქციების მსგავსად;

მოუწოდებს რესპუბლიკის საფრანგეთის მთავრობას, მოითხოვოს პოლიტპატიმრების, განსაკუთრებით ოპოზიციონერი ლიდერებისა და ახალგაზრდა მშვიდობიანი დემონსტრანტების, დაუყოვნებლივ გათავისუფლება, რომლებიც დემოკრატიისადმი მართი ერთგულების გამო არიან მსჯავრდადებულნი.

მოუწოდებს საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას, გადახედოს იმ გარემოებებს, რის ფარგლებშიც ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის ჯილდო გადაეცა და განიხილოს ამის უკან წაღება, მისი მხრიდან რესპუბლიკაში დაცული ღირებულებების საწინააღმდეგო ქმედებების ფონზე." – წერია რეზოლუციის ტექსტში.

დოკუმენტში დეპუტატები "მოუწოდებენ ევროკავშირს, მოახდინოს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების დახმარების მექანიზმების ადაპტირება, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი ეფექტურობა და მდგრადობა გაუარესებულ ინსტიტუციურ კონტექსტში ისე, რომ არ მოხდეს ევროპაში საქართველოს ინტეგრაციის მიზნის მიტოვება."

რეზოლუცია ევროკავშირს ასევე მოუწოდებს, რომ მომდევნო სანქციების პაკეტი მოიცავდეს ზომებს, რომელთა მიზანიცაა "საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლასთან ბრძოლა". 

"კვლავ ადასტურებს, რომ ამჟამინდელი მთავრობის ქმედებებმა საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხე ვერ უნდა შეუქმნას და მოითხოვს, რომ გაწევრიანების პერსპექტივა ღიად დარჩეს, იმ პირობით, რომ პოლიტიკური პირობები შესრულდება და ახლანდელი მთავრობის მხრიდან კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტურ უფლებებზე მომხდარი თავდასხმები შეწყდება". – წერია საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში მიღებული რეზოლუციის ტექსტში. 

კომენტარები