ახალი კანონპროექტით, რომელიც პარლამენტის საიტზე უკვე დარეგისტრირდა, მაღალჩინოსნების მიადგილეები სახელფასო დანამატებსა და ფულად ჯილდოებს მიიღებენ.
"საქართველოს მთავრობის წევრის მოადგილეს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების წევრთა მოადგილეებს, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს და მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის, ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისათვის, შეიძლება მიეცეთ სახელფასო დანამატი ზემდგომი თანამდებობის პირის შესაბამისი გადაწყვეტილებით, ამ კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის და შესაბამისი ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში". - ნათქვამია კანონპროექტში.
ამასთან ერთად, აღნიშნულ პირებს, ოცნების კანონპროექტით, მიეცემათ ფულადი ჯილდო ზემდგომი თანამდებობის პირის შესაბამისი გადაწყვეტილებით.
განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო წარმოადგენს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირის შრომის სტიმულირების მნიშვნელოვან მექანიზმს და მაღალჩინოსნების მოადგილეების შემთხვევაში "არ არსებობს ინტერესთა კონფლიქტის რეალური საფრთხე, ვინაიდან, მათ (მოადგილეების) მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს უშუალოდ აკონტროლებენ ზემდგომი თანამდებობის პირები. შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა მოადგილეების მხრიდან საკუთარი შრომის "წახალისების" შესაძლებლობა.




