მაღალჩინოსნების მოადგილეები

მაღალჩინოსნები პრემიებს ისევ აიღებენ, მაშინ როცა მოსახლეობა სიღარიბეშია - დათუნაშვილი

ლელო-ძლიერი საქართველოს წევრი, თაზო დათუნაშვილი ქართული ოცნების ახალ კანონპროექტს გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, მაღალჩინოსნების მოადგილეებს სახელფასო დანამატებისა და ფულადი ჯილდოების მიიღების შესაძლებლობა ისევ ექნებათ.

"ქართულმა ოცნებამ საკანონმდებლო ცვლილებები წარადგინა, რომლითაც მაღალჩინოსნებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ისევ ექნებათ. ამავე კანონპროექტით, საჯარო სამსახურში შტატგარეშე თანამშრომლების რაოდენობა 5%-ით იზრდება. ეს ხდება მაშინ, როცა ივანიშვილის ქართული ოცნება საქართველოს ბიუჯეტში ვერ პოულობს თანხას, რომ დაეხმაროს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებს; რომ დაეხმაროს მთელ საქართველოს სკოლებში უფასო კვების შეტანით; რომ პენსია გაზარდოს 20 ლარზე მეტით. მაგრამ, ბიუჯეტში თანხა ყოველთვის იძებნება იმისთვის, რომ ქართული ოცნების მაღალჩინოსნებს ფუფუნებით ცხოვრება გაუხანგრძლივონ [...]

ქართული ოცნება საქართველოს ბიუჯეტს კიდევ უფრო დიდ ტვირთს უმატებს. მაღალჩინოსნებს, რომლებსაც პრემია-დანამატები თავად ოცნებამ შეუჩერა, ახლა ისევ მისცემენ - და შტატგარეშე თანამშრომლებს კიდევ 5%-ით გაბერავენ, როცა ამის საჭიროება არ არსებობს და როცა ქართული ოცნების უგუნურობის გამო, საქართველოს მოსახლეობა უკიდურეს სიღარიბეშია აღმოჩენილი". - თქვა დათუნაშვილმა კოალიციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

ახალი კანონპროექტით, რომლის ინიციატორი ივანიშვილის მთავრობაა და ივანიშვილის პარლამენტი განიხილავს, მაღალჩინოსნების მოადგილეები სახელფასო დანამატებსა და ფულად ჯილდოებს მიიღებენ.

"საქართველოს მთავრობის წევრის მოადგილეს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების წევრთა მოადგილეებს, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს და მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის, ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისათვის, შეიძლება მიეცეთ სახელფასო დანამატი ზემდგომი თანამდებობის პირის შესაბამისი გადაწყვეტილებით, ამ კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის და შესაბამისი ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში". - წერია კანონპროექტში.

კომენტარები