ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორის, ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს მილოცვის წერილი კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს:
"უწმიდესო მამაო, სულიერი სიხარულითა და ღრმა პატივისცემით ვუერთდები იმ მილოცვათა ნაკადს, ყოველი მხრიდან რომ მოედინება თქვენკენ საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად არჩევისა და აღსაყდრების გამო. პირადად ჩემი და ჩემზე მონდობილი სამწყსოს სახელით გიდასტურებთ პატივისცემას და გარწმუნებთ, ძმური ლოცვით შეგეწევით თქვენს ამ საპასუხისმგებლო მისიის შესრულებაში, რაც იტვირთეთ. საქართველოსა და ქართველ კათოლიკეთა ოჯახი იგულეთ იმ და-ეკლესიად, რომელსაც გააზრებული აქვს ჩვენი მაცხოვრისაგან დანატოვარი საერთო მისია სასუფევლის საშენებლად და გქონდეთ ჩვენი სიტყვისა და საქმის იმედი. ჩვენ ერთად ვართ მოწოდებულნი, ვიყოთ ქრისტეს ერთი სახარების მოწმენი სამყაროში, სადაც განხეთქილება და გაურკვევლობა სუფევს. ამ ქრისტიანული ძმობის სულისკვეთებით, ვიმედოვნებ, რომ გზა, რომელსაც შეუდგებით, იქნება შეხვედრის, დიალოგისა და საერთო მოწმობის შესაძლებლობა.
ვითხოვთ თქვენს უწმიდესობაზე სულიწმიდის მადლის სიუხვეს — სიბრძნეს საწინამძღვროდ, სიმტკიცეს გამძლეობისთვის, მშვიდობას, რომელსაც სოფელი ვერც იძლევა და ვერც გვართმევს, რათა თქვენი პატრიარქობა ნაყოფიერი გახდეს კურთხევით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, მთელი საქართველოსთვის და კავკასიის ქრისტიანული ოჯახის სისავსისათვის.
ქრისტეში ძმური სიყვარულით, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო" - ნათქვამია წერილში, რომელსაც კათოლიკე ეკლესია საქართველოში აქვეყნებს.
11 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულმა კრებამ 22 ხმით გამოირჩია შიო, მიტროპოლიტი სენაკისა და ჩხოროწყუსი და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მთავარეპისკოპოსად მცხეთა-თბილისისა, მიტროპოლიტად ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად.
შიო III 9 წლის განმავლობაში იყო საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის მოსაყდრე.




