"მეუფე შიოს მეც ვუთხარი და სხვებმაც უთხრეს სინოდის კრებაზე, რომ რაც უფრო, არ მინდა ახლა ეს სიტყვა გამოვიყენო ღირსეული. ვინც იყვნენ ესენიც ღირსეულები არიან, რა თქმა უნდა, მაგრამ რაც უფრო ღირსეული კანდიდატი ეყოლებოდა და მოუგებდა არჩევნებს, მით უფრო დამაჯარებელი იქნებოდა მისი პატრიარქობა." - თქვა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა TV პირველის ეთერში.
ხოლო ჟურნალისტის ჩაკითხვაზე, ვის ჰქონდა შანსი ამ არჩევნებში გაემარჯვა, მეუფემ უპასუხა - "ვინც ორი კანდიდატი მოიხსნა ხელოვნურად, ჩემი აზრით. (…) ხელოვნური იყო იმიტომ, რომ ეს იყო ასაკისა და განათლების საკითხი. ვერავის ვერ დავუწუნებთ სინოდში, ვერც მეუფე ისაიას და ვერც მეუფე დანიელს განათლებას."
დღეს, სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულმა კრებამ 22 ხმით გამოირჩია შიო, მიტროპოლიტი სენაკისა და ჩხოროწყუსი და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მთავარეპისკოპოსად მცხეთა-თბილისისა, მიტროპოლიტად ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად.
მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა მიიღო 9 ხმა, ფაზისელმა მიტროპოლიტმა გრიგოლმა - 7, ხოლო 1 ხმა გაუქმდა.
ცნობისთვის, 28 აპრილს ფარული კენჭისყრით გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა, სადაც კენჭისყრისთვის დაუშვებლად ცნეს მეუფე დანიელი - ასაკის გამო და მეუფე ისაია - ფორმალური განათლების არქონის გამო.
ამ სხდომაზე მიტროპოლიტმა ისაიამ პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა. მას სინოდმა მხარი არ დაუჭირა და საპატრიარქო კანდიდატებად მეუფე შიო, მეუფე იობი და მეუფე გრიგოლი გამოარჩია.




