ზაპოროჟიეში რუსული საჰაერო იერიშის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა, 37 კი დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ივან ფედოროვი ავრცელებს.
ფედოროვის თქმით, რუსეთმა იერიში უშუალოდ ქალაქის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიიტანა და ეს თავდასხმა "ყოველგვარ სამხედრო მნიშვნელობას" არის მოკლებული.
"ამჟამად საავადმყოფოში შვიდი ადამიანი იმყოფება ზაპოროჟიეზე რუსული იერიშის შემდეგ და ადამიანთა სხვა ნაწილს საჭირო შემოწმებები უტარდებათ. ჯამში 37 დაშავებულია. ეს იყო იერიში მართვადი საავიაციო ბომბებით. უშუალოდ ქალაქის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე - რუსები არ ზღუდავენ საკუთარ თავს სიცოცხლის განადგურებაში.
ეს არის აბსოლუტურად ცინიკური, ტერორისტული იერიში, რომელიც მოკლებულია ყოველგვარ სამხედრო მნიშვნელობას. ასეთი რუსული იერიშები ჩვენს ქალაქებსა და სოფლებზე ერთი დღითაც კი არ ჩერდება. მხოლოდ ერთმა ასეთმა იერიშმა უკვე 12 სიცოცხლე იმსხვერპლა". - წერს ფედოროვი.
ფედოროვმა ხაზი გაუსვა ომის შესაჩერებლად რუსეთის იძულების აუცილებლობას და აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტა საჭიროა არა რამდენიმე საათის განმავლობაში, არამედ ყოველდღე.
"მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი იძულებულ იქნეს, დაასრულოს თავისი ომი. ასეთი და სხვაგვარი იერიშების გარეშე სიჩუმე საჭიროა ყოველდღე და არა რამდენიმე საათის განმავლობაში სადღაც "ზეიმისთვის". სიცოცხლეს მოფრთხილება სჭირდება და მე მადლიერი ვარ ყველა ჩვენი პარტნიორის, რომლებიც უკრაინას მხარს უჭერენ". - წერს ფედოროვი.





