აშშ-ს ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) მეთაურმა და სამხედრო-საზღვაო ძალების ადმირალმა, ბრედ კუპერმა, განაცხადა, რომ აშშ-ს არმიამ ირანის მიერ გაშვებული ფრთოსანი რაკეტები, დრონები და მცირე ზომის ნავები უვნებელყო.
კუპერის თქმით, ირანულ ძალებს "მტკიცედ ურჩია," რომ ჰორმუზის სრუტეში მიმოსვლის გათავისუფლების მიზნით წამოწყებული ოპერაციის დროს რეგიონში აშშ-ს სამხედრო ობიექტებს თავი აარიდონ.
ადმირალმა აღნიშნა, რომ ასევე ძალაში რჩება ირანულ პორტებზე აშშ-ს მიერ შემოღებული ბლოკადა, რამაც, მისი თქმით, მოლოდინებსაც გადააჭარბა.
თავის მხრივ, ირანის რეჟიმის ბოლო ესკალაციას აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა:
"ირანმა საზღვაო მიმოსვლასთან და პროექტ თავისუფლებასთან კავშირის არმქონე ქვეყნების მიმართულებით ისროლა, მათ შორის, სამხრეთ კორეული სატვირთო გემისკენაც. ალბათ, დროა, რომ სამხრეთ კორეა მოვიდეს და მისიას შეუერთდეს! ჩვენ ვესროლეთ მცირე ზომის შვიდ გემს, ან როგორც ისინი ეძახიან, "სწრაფ" ნავებს. მხოლოდ ესღა დარჩათ. სამხრეთ კორეული გემის გარდა, სრუტეში გავლისას სხვა ზიანი არ ყოფილა. ომის მინისტრი პიტ ჰეგსეთი და გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარე, დენ კეინი, ხვალ დილით პრესკონფერენციას გამართავენ." – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ 4 მაისიდან აშშ ჰორმუზის სრუტეში "ჩარჩენილ" კომერციულ გემებს სრუტიდან გამოსვლაში დაეხმარება.
მოგვიანებით ირანის სამთავრობო მედია ირწმუნებოდა, რომ გაფრთხილების უგულებელყოფის შემდეგ აშშ-ს სამხედრო ხომალდი ჰორმუზის სრუტეში არ გაატარეს და უკან მოაბრუნეს, ხოლო როდესაც გემი ჯასკის კუნძულს მიუახლოვდა, სამთავრობო Fars-ის მტკიცებით, მას ორი რაკეტა მოხვდა. თუმცა, აშშ-ს შეიარაღებულმა ძალებმა ირანის რეჟიმის მიერ გავრცელებული ცნობები უარყო.
მოგვიანებით არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა 4 მაისს სარაკეტო საფრთხესთან დაკავშირებით განგაში გამოსცა. ფუჯაირას საამიროს ხელისუფლებამ კი განაცხადა, რომ ირანული დრონით თავდასხმის შედეგად ნავთობობიექტზე ხანძარი გაჩნდა, რაც პირველი მსგავსი შემთხვევაა თითქმის ერთი თვის წინ აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადების შემდეგ.
არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ირანის იერიში დაგმო და მომხდარს "მოღალატეობრივი ტერორისტული თავდასხმა" უწოდა. საამიროების განცხადებით, ისინი ინარჩუნებენ პასუხის გაცემის "სრულ და ლეგიტიმურ უფლებას".





