ომი ახლო აღმოსავლეთში

საამიროების ცნობით, ირანული დრონით თავდასხმის შედეგად ნავთობობიექტზე ხანძარი გაჩნდა

X

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა 4 მაისს სარაკეტო საფრთხესთან დაკავშირებით განგაში გამოსცა. ფუჯაირას საამიროს ხელისუფლებამ კი განაცხადა, რომ ირანული დრონით თავდასხმის შედეგად ნავთობობიექტზე ხანძარი გაჩნდა, რაც პირველი მსგავსი შემთხვევაა თითქმის ერთი თვის წინ აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადების შემდეგ.

რამდენიმე საათით ადრე ირანული დრონებით ცალკე თავდასხმა მოხდა საამიროების სახელმწიფო ნავთობკომპანია Abu Dhabi National Oil Co.-ს ნავთობტანკერზე. Bloomberg-ის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, თუ რამ გამოიწვია საამიროებში განგაშის ჩართვა – ქვეყნისკენ მიმართულმა რაკეტებმა თუ ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებულმა ესკალაციამ. 

პარალელურად, რეგიონში მორიგი შესაძლო ესკალაციის ნიშნების ფონზე, გლობალურად ნავთობის ფასებიც გაიზარდა – Brent-ის ნედლი ნავთობის ფიუჩერსების ფასი 2.5%-ით გაიზარდა და ბარელზე თითქმის $111-ს მიაღწია. 

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ 4 მაისიდან აშშ ჰორმუზის სრუტეში "ჩარჩენილ" კომერციულ გემებს სრუტიდან გამოსვლაში დაეხმარება.

მოგვიანებით ირანის სამთავრობო მედია ირწმუნებოდა, რომ გაფრთხილების უგულებელყოფის შემდეგ აშშ-ს სამხედრო ხომალდი ჰორმუზის სრუტეში არ გაატარეს და უკან მოაბრუნეს, ხოლო როდესაც გემი ჯასკის კუნძულს მიუახლოვდა, სამთავრობო Fars-ის მტკიცებით, მას ორი რაკეტა მოხვდა. თუმცა, აშშ-ს შეიარარებულმა ძალებმა ირანის რეჟიმის მიერ გავრცელებული ცნობები უარყო.

კომენტარები