ივანიშვილის პრემიერი, ირაკლი კობახიძე ფასებთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისიის დასკვნას გამოეხმაურა.
"ფასებთან დაკავშირებით, საპარლამენტო კომისიამ ძალიან სიღრმისეული დასკვნა დადო. ფასწარმოქმნაში სტრუქტურული პრობლემები გამოვლინდა, რასაც ბიზნესთან თანამშრომლობის საფუძველზე, კონკრეტული ზომების დაპირისპირება სჭირდება. ამ მიმართულებით, ეს ერთადერთი სწორი გზაა. შესაძლებელია მიწოდების ჯაჭვის დამოკლება, რაც ფასების შემცირებას უზრუნველყოფს. იქიდან გამომდინარე, რომ ეს სტრუქტურული პრობლემები ათწლეულების განმავლობაში გროვდებოდა, 1 და 2 დღეში ეს პრობლემა ვერ მოგვარდება, მაგრამ თუ სწორი მიდგომა იქნება, შესაძლებელია, საშუალოვადიან პერსპექტივაში დამოკლდეს მიწოდების ჯაჭვი ისე, რომ ფასნამატი 86%-დან გონივრულ ოდენობამდე შემცირდება. ეს არის ჩვენი ამოცანა და კომისიის დასკვნების შესაბამისად ვიმოქმედებთ.
ჩვენ ბიზნესის საქმიანობაში უხეშ ჩარევას არ ვაპირებთ - ბიზნესთან თანამშრომლობით ვაპირებთ იმ სტრუქტურული პრობლემების მოგვარებას, რომელიც მიწოდების ჯაჭვშია იდენტიფიცირებული. გადასახადების შემცირებას რაც შეეხება, პოპულიზმი ზუსტად ეს არის". - თქვა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.
სურსათის, წამლებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით შექმნილმა დროებითმა საპარლამენტო კომისიამ საბოლოო დასკვნა წარადგინა. დასკვნას მხარი არ დაუჭირეს ივანიშვილის სატელიტი პარტიის, ხალხის ძალის წარმომადგენლებმა და გიორგი გახარიას პარტიის დეპუტატებმა.
-
ჩვენი რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული - ფასების კომისიის დასკვნა
-
რეგიონებში დისტრიბუციის ცენტრები უნდა შეიქმნას - ბერეკაშვილი
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 24 დეკემბერს, ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ვიდეომიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ სასურსათო პროდუქტზე "ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა ძალიან დიდია". მან სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა, "სიღრმისეულად შეისწავლონ საკითხი და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება კონკრეტული სუბიექტების საქმიანობაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები". კობახიძისვე მოთხოვნით შეიქმნა საპარლამენტო კომისიაც.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კომისია სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად, საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებდა.
იმავე დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ სურსათის ფასების შესწავლას იწყებენ.





