სურსათის მაღალი ფასები

გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომლებზეც ფასდაკლება იქნება – ჟორჟოლიანი

ლევან ჟორჟოლიანი
მთავრობის ადმინისტრაცია

ივანიშვილის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი. 

"გამოკვეთა პრობლემური საკითხები სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ მთავრობასა და ბიზნესს შორის კომუნიკაციის შედეგად გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია მომხმარებლისთვის და ქსელურ მარკეტებში გაჩნდება სპეციალური ადგილები, სადაც ფასდაკლებული 15 დასახელების პროდუქტი იქნება წარმოდგენილი. ეს არის მოკლე ვადაში შედეგი. ვფიქრობთ, რომ უნდა გაგრძელდეს მუშაობა, რათა საბოლოო შედეგი ფასებთან მიმართებაში უკვე გრძელ ვადაში იქნეს მიღწეული". - პრესსამსახურის ცნობით, განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.


შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 24 დეკემბერს, ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ვიდეომიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ სასურსათო პროდუქტზე "ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა ძალიან დიდია". მან სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა, "სიღრმისეულად შეისწავლონ საკითხი და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება კონკრეტული სუბიექტების საქმიანობაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები". კობახიძისვე მოთხოვნით შეიქმნა საპარლამენტო კომისიაც.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კომისია სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად, საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებდა.

იმავე დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ სურსათის ფასების შესწავლას იწყებენ.

კომენტარები