ფასების შემსწავლელი კომისია

ჩვენი რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული - ფასების კომისიის დასკვნა

ივანიშვილის პარლამენტში ფასების კომისიის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა, სადაც კომისიის საბოლოო დასკვნა განიხილეს და მიიღეს - დასკვნას მხარი არ დაუჭირეს ივანიშვილის სატელიტი პარტიის, ხალხის ძალის წარმომადგენლებმა და გიორგი გახარიას პარტიის დეპუტატებმა.

ივანიშვილის დეპუტატის, კომისიის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის თქმით, მათი რეკომენდაციაა, რომ სასურსათო ბაზრის მუშაობაში "აგრესიული ჩარევა არ მოხდეს".

"სექტორი არის ძალიან დიდი. ის ჩვენი ეკონომიკის 21%-ს შეადგენს და რაიმე აგრესიული ტიპის ჩარევა სისტემურ რისკებს ქმნის, სისტემური რისკები კი გავლენას ეკონომიკაზე მოახდენს. ამიტომ, აქ მიდგომა უნდა იყოს მიზნობრივი, წერტილოვანი და დეტალებში გაწერილი [...] ის, რაც წლების განმავლობაში არასწორად კეთდებოდა, 1 დღეში ვერ გასწორდება და 1 დღეში გასწორება საშიშიც არის, რადგან შესაძლებელია, სექტორმა შოკირებული დარტმა მიიღოს და ამ დარტყმის შედეგად, ჩვენ მივიღოთ არა ფასების შემცირება, არამედ ბაზარზე შოკური ფასები, რაც სისტემურ რისკებთანაა დაკავშირებული. ჩვენი მხრიდან აგრესიული ჩარევა რეკომენდირებული არ არის. ჩემი აზრით, შესაძლებელია, ეს პერიოდი 6-დან 9 თვემდე დასრულდეს და სისტემა გაჯანსაღდეს [...] 

"დასკვნა ეფუძნება ზოგად სტრატეგიულ მიმართულებას, რადგან ეს აღმასრულებელ ხელისუფლებას გაეგზავნება და უფრო დეტალურად იქ დამუშავდება [...] ჩვენი რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული და ფასების ადმინისტრირება, რადგან ეს უფრო მეტ პრობლემებს შექმნის, ვიდრე სიკეთეებს". - თქვა ბერეკაშვილმა.

დასკვნის მიხედვით, პრობლემები არსებობს სასურსათო ბაზრის სტრუქტურულ მოწყობაში. ასევე, კომისიის რეკომენდაციაა, რომ მცირე და საშუალო მწარმოებლებისთვის გარკვეული კომერციული ხარჯები შემცირდეს ან გაუქმდეს.

"სასურსათო ბაზრის კვლევამ აჩვენა, რომ არსებობს კონკრეტული პროდუქტის საბაზისო, დახლის ფასი, თუმცა, პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილის რეალიზაცია ფასდაკლებებით ხდება და საშუალო, შეწონილი ფასი მნიშვნელოვნად ნაკლებია, ვიდრე თავდაპირველი, დახლის ფასი [...] 

გამოვლინდა, რომ პრობლემა არის ბაზრის სტრუქტურულ მოწყობაში [...] კვლევამ აჩვენა, რომ დიდ ქსელებში, ჯაჭვში, ქსელიდან დაწყებული, მწარმოებლებით, იმპორტიორებითა და დისტრიბუტორებით დამთავრებული, ძირითადი პრობლემა არა გადაჭარბებულ მოგებებშია, არამედ პრობლემა არაეფექტურ საოპერაციო ხარჯებშია. ეს იმას ნიშნავს, რომ ფასწარმოქმნის ჯაჭვში დამატებითი ხარჯი გროვდება, რომელიც პროდუქციის თვითღირებულებას აწვება. აქ არის მნიშვნელოვანი რესურსი, რომ მოხდეს ამ სტრუქტურის სწორად გადაწყობა, საოპერაციო ეფექტურობის გაუმჯობესება, რაც საბოლოო ჯაჭვს ერთიანობაში უფრო ეფექტურს გახდის და მომხმარებელი მნიშვნელოვნად უკეთეს ფასს მიიღებს, ვიდრე დღეს ბაზარზეა.

ეს არის ბაზრის ძირითადი პრობლემა - ეს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორითაა განპირობებული:

  1. სათანადო გამჭვირვალობა არ არის და კომერციული ურთიერთობა გაუგებარია. არის სხვადასხვა ტიპის კომერციული ან მარკეტინგული გადასახადები, რომელიც გაუმჭვირვალეა და ზოგ შემთხვევაში, რიგი გადასახადები ისეთია, რაც კომერციულ ურთიერთობებს არ ექვემდებარება. ასევე, გამოიკვეთა, რომ არ არის ნაშთების ბრუნვის სწორი შესაძლებლობა. მცირე და საშუალო მწარმოებლებს თავიანთი ნაშთების ბრუნვაზე წვდომა არ აქვთ, რაც მათ საშუალებას არ აძლევს, რომ ბიზნეს პროცესები სწორად დაგეგმონ. აუცილებელია სექტორის გაციფრულება. 
  2. გადახდების მნიშვნელოვანი დაგვიანებები. აქ იყო პრობლემა, რომელიც დამატებით ხარჯებსა და მთლიანად ჯაჭვში დამატებით ზეწოლას ქმნის და ეს ზეწოლა რაც უფრო ქვემოთ არის, სუბიექტი უფრო ძლიერდება. ეს მნიშვნელოვან ფინანსურ წნეხს უქმნის ქვედა რგოლში მონაწილე კომპანიებს - მათ სჭირდებათ უფრო მეტი სამუშაო კაპიტალი და ფინანსური რესურსი. გადახდების სტანდარტიზაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომ ჯაჭვში თითოეულმა მონაწილემ ზუსტად იცოდეს კონკრეტული სისტემური მიმართულებით გადახდების პროცესი როგორ არის. ამის დარეგულირება და ჩარჩოში მოქცევა აუცილებელი და ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა. 
  3. სამუშაო კაპიტალს რაც შეეხება - მნიშვნელოვანია, რომ მცირე და საშუალო წარმოებებს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ სპეციალური პროგრამებით მცირე და საშუალო მწარმოებლებისთვის მხარდაჭერა გააძლიეროს, რადგან მათ ბაზარზე უკეთესი ოპერირების საშუალება უნდა მიეცეთ. რეკომენდაციის ნაწილი მოიცავს იმას, რომ მათთვის რიგი კომერციული ხარჯები უნდა შემცირდეს ან გაუქმდეს, რომ მათ უფრო ადვილად შეეძლოთ ქსელში თავიანთი პროდუქციის განთავსება.". - თქვა შოთა ბერეკაშვილმა.

კომისიის რეკომენდაციაა, რომ პარლამენტში შემუშავდეს კანონპროექტი, რომელიც სექტორში მომუშავე კომპანიებს შორის ურთიერთობის ინსტიტუციურ ჩარჩოს შექმნის. 

"არსებობს არასამართლიანი ვაჭრობის პრაქტიკის დირექტივა, რომელიც ევროკავშირს ეკუთვნის. ამ დირექტივის ფარგლებში სტრუქტურულად არაერთი ცვლილება დაინერგა, რომ ურთიერთობების ასიმეტრია, რაც ბაზარზე მოთამაშეებს შორის არსებობს, გასწორებულიყო და სავაჭრო ურთიერთობები სამართლიანი, გამჭვირვალე და ეფექტური გამხდარიყო. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტი დარეგისტრირდეს და პარლამენტმა უნდა იმუშაოს და შექმნას ინსტიტუციური ჩარჩო ამ სექტორში მოთამაშე კომპანიებს შორის - მწარმოებლებს, იმპორტიორებს, დისტრიბუტორებსა და ქსელებს შორის ურთიერთობის ჩარჩო". - ამბობს ბერეკაშვილი.

შოთა ბერეკაშვილის თქმით,  კომისიის კიდევ ერთი რეკომენდაციაა, რომ რეგიონებში დისტრიბუციის ცენტრები შეიქმნას. 

"სტრუქტურული პრობლემების გასწორების გარდა, პრობლემაა და არაეფექტურია მიწოდების ჯაჭვიც. მიწოდების ჯაჭვი გრძელია და აქედან გამომდინარე, ის თითოეულ რგოლში დამატებით ხარჯებს ქმნის. აუცილებელია მიწოდების ჯაჭვის შემცირება. მაქსიმალურად უნდა დაახლოვდეს ურთიერთობები მწარმოებლებსა და საცალო ქსელებს შორის, რომ შუალედური რგოლები არ იყოს.

ამ ნაწილში განსაკუთრებული როლი ცენტრალიზებული დისტრიბუციის ცენტრების განვითარებას ენიჭება. ეს გულისხმობს, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უნდა შეიქმნას ცენტრალიზებული დისტრიბუციის ცენტრები. ასეთი ლოგისტიკური ცენტრები საშუალებას მისცემს საოჯახო მეურნეობებსა და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, რომ მათ მიერ ნაწარმოები პროდუქცია ამ ცენტრებში უფრო მარტივად, კომერციული ხარჯების გარეშე ჩააბარონ და ამის შედეგად, მათი დისტრიბუცია ცენტრალიზებული სისტემიდან მოხდება - იქნება ეს ქსელები, საცალო მაღაზიები თუ ბაზრობები". - განაცხადა ბერეკაშვილმა.

ივანიშვილის პარლამენტში სურსათის, წამლებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით შექმნილმა დროებითმა კომისიამ მუშაობა დაასრულა.

კომისია 2026 წლის თებერვლის დასაწყისში შეიქმნა და ის 14 წევრისგან შედგებოდა. კვოტები შემდეგნაირად გადანაწილდა: ქართული ოცნება 7 წევრი; გახარია საქართველოსთვის 3 წევრი; ხალხის ძალა 3 წევრი; ევროპელი სოციალისტები 1 წევრი.


შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 24 დეკემბერს, ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ვიდეომიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ სასურსათო პროდუქტზე "ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა ძალიან დიდია". მან სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა, "სიღრმისეულად შეისწავლონ საკითხი და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება კონკრეტული სუბიექტების საქმიანობაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები". კობახიძისვე მოთხოვნით შეიქმნა საპარლამენტო კომისიაც.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კომისია სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად, საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებდა.

იმავე დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ სურსათის ფასების შესწავლას იწყებენ.

კომენტარები