აშშ რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებისა და რეაბილიტაციის მხარდასაჭერად 25 მილიონ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
"სახელმწიფო დეპარტამენტი აგრძელებს დონალდ ტრამპის ძალისხმევის მხარდაჭერას უკრაინაში მდგრადი მშვიდობისა და კეთილდღეობის მისაღწევად დახმარების ახალი პროგრამის საშუალებით, რათა ხელი შევუწყოთ რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე იძულებით გადასახლებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას.
კონგრესთან კოორდინაციით, სახელმწიფო დეპარტამენტი $25-მილიონიან ახალ დახმარებას გამოყოფს, რომ მხარი დავუჭიროთ იმ უკრაინელი ბავშვებისა და ახალგაზრდების იდენტიფიცირებას, დაბრუნებასა და რეაბილიტაციას, რომლებიც გაიტაცეს ან სხვაგვარად მოწყვიტეს თავიანთ ოჯახებს". - წერია სახდეპის განცხადებაში.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აშშ-ის დაფინანსება მხარს დაუჭერს 2 ტიპის პროგრამას.
"პირველი, ეს დაეხმარება სანდო პარტნიორებს იმ ბავშვების იდენტიფიცირებასა და მათთვის თვალყურის დევნებაში, რომლებიც თავიანთი სახლებიდან იძულებით წაიყვანეს, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია მათი დაბრუნების დიპლომატიური თუ სხვა ძალისხმევის მხარდასაჭერად.
და მეორე, ის მხარს დაუჭერს უკრაინის მთავრობასა და ადგილობრივ სანდო პარტნიორებს, რათა დაბრუნებული ბავშვებისთვის უზრუნველყოფილი იყოს ის მზრუნველობა და მხარდაჭერა, რაც მათ სჭირდებათ იმისთვის, რომ რეაბილიტაცია გაიარონ და ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში განაგრძონ". - წერია განცხადებაში.





