გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ 11 მარტს "დიდი შვიდეულის (G7)" ლიდერებს ვირტუალურ შეხვედრაზე განუცხადა, რომ ირანი "დანებების პირას" იყო. ამის შესახებ გამოცემას G7-ის ქვეყნების სამმა მაღალჩინოსანმა აცნობა, რომლებსაც სატელეფონო საუბრის დეტალები გააცნეს.
თუმცა, 24 საათის შემდეგ ირანის ახალმა უზენაესმა ლიდერმა, მოჯთაბა ხამენეიმ, რომელიც თებერვლის ბოლოს ისრაელის იერიშის შედეგად მოკლული აიათოლა ალი ხამენეის ვაჟია, პირველი საჯარო განცხადება გაავრცელა და აშშ-ს წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელების პირობა დადო.
Axios-ის მიხედვით, მოკავშირეებთან გამართული სატელეფონო საუბრისას ტრამპმა ირანის წინააღმდეგ წამოწყებული ოპერაციის შედეგები შეაქო და G7-ს ლიდერებს უთხრა, რომ "მოაშორა კიბო, რომელიც ყველას ემუქრებოდა".
"არავინ იცის, ვინ არის ლიდერი, ამიტომ, არავინაა, რომ დანებება გამოაცხადოს," თქვა ტრამპმა ორი მაღალჩინოსნის მიხედვით.
12 მარტს სამთავრობო ტელევიზიით გავრცელებულ განცხადებაში მოჯთაბა ხამენეიმ პირობა დადო, რომ ირანელი "მოწამეებისთვის" შურს იძიებს და ომში ახალ ფრონტს გახსნის, "სადაც მტერს მცირე გამოცდილება აქვს და ძალზე მოწყვლადია".
ხამენეიმ ასევე განაცხადა, რომ ირანი გააგრძელებს ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვას, სადაც ტანკერებზე თავდასხმების გამო ნავთბის ფასი ბარელზე $100-ს ასცდა, რამაც გლობალური ეკონომიკური კრიზისის შიშებიც გააჩინა.
ცნობისთვის, Rystad Energy-ს მონაცემების მიხედვით, მშვიდობიანობის დროს ჰორმუზის სრუტის გავლით ყოველდღიურად საშუალოდ 15 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობის გადაზიდვა ხდება, რაც მსოფლიოში ნავთობის 20%-ს შეადგენს.





