აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

ერაყში ფრანგ სამხედროებზე დრონებით იერიში მიიტანეს – დაიღუპა ოფიცერი, არიან დაშავებულებიც

AFP

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 13 მარტს დაგმო ჩრდილოეთ ერაყში, ერბილის რეგიონში, ფრანგ სამხედროებზე თავდასხმა, რასაც ერთი ფრანგი ოფიცრის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო კიდევ რამდენიმე სამხედრო დაიჭრა. 

საფრანგეთის არმიამ წინა დღით, ხუთშაბათს, განაცხადა, რომ დრონებით თავდასხმით შედეგად დაჭრილი ექვსი ფრანგი სამხედრო რეგიონში ტერორიზმის საწინააღმდეგო ტრენინგებს ატარებდა. მოგვიანებით ერაყში თავდასხმა მოხდა იტალიის ბაზაზეც.

ერბილის რეგიონში საფრანგეთს ასობით სამხედრო ჰყავს განლაგებული, რაც რეგიონში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტების წინააღმდეგ საბრძოლველად საერთაშორისო კოალიციის ძალისხმევის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. 

X-ზე მაკრონმა დაწერა, რომ იერიშის შედეგად დაიღუპა საფრანგეთის მე-7 ბატალიონის უფროსი ოფიცერი არნო ფრიონი, ხოლო კიდევ რამდენიმე დაიჭრა. "დაეშის წინააღმდეგ 2015 წლიდან ბრძოლაში ჩართული ჩვენი ძალების წინააღმდეგ ეს თავდასხმა მიუღებელია." - დაწერა მაკრონმა. 

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ერაყში ფრანგი სამხედროების მისია "მკაცრად ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ხდება" და დაამატა, რომ "ირანში ომმა ვერ უნდა გაამართლოს მსგავსი თავდასხმები." 

ხუთშაბათს იტალიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ერაყის ქურთისტანში იტალიის სამხედრო ბაზაზე მიტანილი საჰაერო იერიში განზრახ მოხდა. 

ცნობისთვის, საფრანგეთი ხმელთაშუა ზღვაში, წითელ ზღვასა და შესაძლოა, ჰორმუზის სრუტეშიც საზღვაო ძალებს გზავნის, მათ შორის, ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფსაც, რათა თავდაცვითი კუთხით მხარდაჭერა გაუწიოს რეგიონულ მოკავშირეებს, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში აშშ-ისრაელსა და ირანს შორის ომმა საფრთხის წინაშე დააყენა. 

კომენტარები