ისრაელის იერიშები ლიბანში

რუსული მედია: ლიბანში ისრაელის იერიშების შედეგად რუსული კულტურის სახლი განადგურდა

Telegram

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 8 მარტს ლიბანში, ქალაქ ნაბათიაში, ისრაელის იერიშების შედეგად რუსული კულტურის სახლი განადგურდა. ამის შესახებ დაწესებულების დირექტორმა, ასად დიამ დაწერა. 

ლიბანში რუსული კულტურის ცენტრი 2004 წელს გაიხსნა. დირექტორის თქმით, კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ დაწესებულებიდან ყველა თანამშრომლის ევაკუაცია მოხდა, შესაბამისად, იერიშს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

რუსული სამთავრობო TASS-ის მიხედვით, რუსული კულტურის სახლი ხუთსართულიანი შენობის პირველ სართულს იკავებდა და ის სოციალურ და კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა, "სადაც თავს იყრიდნენ რუსული უნივერსიტეტების კურსდამთავრებულები და სამხრეთის რეგიონის მასშტაბით თანამემამულეები." 

რუსული კულტურული ცენტრები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ექვემდებარება. ოფიციალურად, მათი მიზანი ქვეყნებს შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაა, რაც მათ შორის, მოიცავს ენის შესწავლას, გაცვლით კურსებსა და საჯარო ღონისძიებების სერიებს, როგორიცაა ფილმების ჩვენებები, კონცერტები, წიგნების პრეზენტაციები და ა.შ.

თუმცა, არაერთი ქვეყნის გამოცდილება მოწმობს, რომ რუსეთი ასეთ ცენტრებს საგარეო დაზვერვის მუშაობის დასამალად გამოიყენება.

საბჭოთა კავშირის დროს ამ პროპაგანდისტულ ფუნქციებს ე.წ. ВОКС (Всесою́зное о́бщество культу́рной свя́зи с заграницей) - უცხოეთთან კულტურული კავშირების სრულიად საკავშირო საზოგადოება ეწოდებოდა, რომელიც 1925 წელს საბჭოთა მთავრობის მიერ იყო დაარსებული.

მისი პირველი ხელმძღვანელი დაარსებიდან 1930 წლამდე ბოლშევიკური პარტიის ერთ-ერთი იდეოლოგის, ლეონ ტროცკის, და კიდევ ერთი იდეოლოგის, ლევ კამენევის, ცოლი ოლგა ბრონშტეინ-კამენევა იყო.

ВОКС კომუნისტური პროპაგანდის დე-ფაქტო ორგანიზაცია იყო, რომლის საფარქვეშ КГБ საგარეო დაზვერვის სამსახურები მოქმედებდნენ. ამის გამო ეს გაერთიანება ხშირად ექცეოდა დასავლელი სამთავრობო ლიდერების, საჯარო ინტელექტუალებისა და მედიის კრიტიკის ქვეშ.

1958 წელს ВОКС გარდაიქმნა "უცხო ქვეყნებთან კულტურული ურთიერთობებისა და მეგობრობის საბჭოთა საზოგადოებების კავშირად", რომელმაც 1992 წლამდე იარსება. დღეს კი რუსულ კულტურულ ცენტრებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სააგენტო "როსსატრუდნიჩესტვო" აკონტროლებს.

2016 წელს ფრანგული მედია ინფორმირებულ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ასევე წერდა, რომ ეიფელის კოშკთან და საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობასთან ახლოს მდებარე რუსული კომპლექსი, მათ შორის რუსეთის კულტურული ცენტრი კრემლის მიერ სადაზვერვო საქმიანობის დასაფარად გამოიყენება.

ამასთან, წარსულში ჯაშუშური საქმიანობის ეჭვზე აშშ-ს ფედერალურ საგამოძიებო (FBI) ბიუროს გამოძიება ჰქონდა დაწყებული ვაშინგტონში რუსული კულტურის ცენტრის ერთ-ერთი დირექტორის წინააღმდეგ, ხოლო მისი თანამდებობის გამგრძელებელი, ოლეგ ჟიგანოვი, 2018 წელს, სკრიპალების მოწამვლის შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციამ იმ 60 რუს დიპლომატთან ერთად გააძევა, რომლებიც აშშ-მ ჯაშუშებად გამოაცხადა.

კომენტარები