აშშ-ს ომის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა იმ ცნობებზე, რომ რუსეთი ირანს რეგიონში აშშ-ს გადაადგილებების შესახებ სადაზვერვო ინფორმაციას აწვდის, განაცხადა, რომ პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა "კარგად იცის, ვინ ვისთან საუბრობს".
ჰეგსეთმა გადაცემა 60 Minutes-ში განაცხადა, რომ აშშ "ყველაფერს აკვირდება" და ამას საბრძოლო გეგმებში ითვალისწინებს.
"ამერიკელ ხალხს შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ მათმა მთავარსარდალმა კარგად იცის, ვინ ვისთან საუბრობს და ყველაფერს, რაც არ უნდა ხდებოდეს - იქნება ეს საჯაროდ თუ ფარული არხებით - ძალიან მკაცრად ვუპირისპირდებით" - თქვა მან.
კითხვაზე, შეუძლიათ თუ არა ამერიკელებს ელოდონ, რომ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვოლადიმირ პუტინს ირანისთვის სადაზვერვო დახმარების შეწყვეტას პირადად სთხოვს ჰეგსეთმა თქვა, რომ ტრამპს "უნიკალური ურთიერთობა აქვს ბევრ მსოფლიო ლიდერთან, რომლის წყალობითაც შეუძლია ისეთი საქმეების გაკეთება, რასაც სხვა პრეზიდენტები, განსაკუთრებით ჯო ბაიდენი, ვერასდროს შეძლებდნენ". მან დაამატა, რომ "პირდაპირი ან არაპირდაპირი საუბრების მეშვეობით, იქნება ეს მისი პირადი საუბარი თუ მისი კაბინეტის საშუალებით, შეტყობინებები [რუსებს] აუცილებლად შეიძლება მიეწოდოთ."
კითხვაზე, აყენებს თუ არა რუსეთის ჩართულობა საფრთხეში აშშ-ს პერსონალს, ჰეგსეთმა თქვა: "ჩვენ ვაყენებთ საფრთხეში მეორე მხარეს და ეს ჩვენი საქმეა. ამიტომ ამაზე არ ვნერვიულობთ. [...]მაგრამ ახლა მხოლოდ მათ უნდა ეშინოდეთ, იმ ირანელებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ გადარჩებიან."





