აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

WP: რუსეთი ირანს სადაზვერვო ინფორმაციას აწვდის რეგიონში აშშ-ს ძალებზე თავდასხმისთვის

Alexander Kazakov / AFP

გამოცემა Washington Post-ს სადაზვერვო მონაცემებზე ინფორმირებულმა მაღალჩინოსნებმა განუცხადეს, რომ ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ ძალებზე იერიშებისთვის რუსეთი ირანს დახმარებას უწევს და დასამიზნებელ მონაცემებს უზიარებს, რაც, წყაროების თქმით, პირველი ნიშანია იმისა, რომ აშშ-ს მოწინააღმდეგე ომში მონაწილეობას იღებს, თუნდაც არაპირდაპირი გზით. 

სამმა მაღალჩინოსანმა WP-ს აცნობა, რომ შაბათს ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა ირანს რეგიონში აშშ-ს სამხედრო ობიექტების კოორდინატები გადასცა, მათ შორის, სამხედრო გემებისა და თვითმფრინავების ადგილმდებარეობაც. 

"როგორც ჩანს, ეს საკმაოდ ყოვლისმომცველი ძალისხმევაა," აღნიშნა ერთ-ერთმა პირმა. 

Washington Post წერს, რომ ირანისთვის რუსეთის მიერ გაწეული დახმარების მასშტაბები აშკარა არ არის. ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, ბრძოლის დაწყებიდან ერთ კვირაზე ნაკლებ დროში მნიშვნელოვნად დაქვეითდა რეგიონში აშშ-ს ძალების ადგილსამყოფლის აღმოჩენის მხრივ ირანის არმიის უნარი.

კითხვაზე, თუ რა გზავნილი ჰქონდა რუსეთისა და ჩინეთისთვის, აშშ-ს ომის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა უპასუხა, რომ გზავნილი არ ჰქონდა და დაამატა, რომ "ისინი ამ ომში ფაქტორს რეალურად არ წარმოადგენენ."

ამას გარდა, ორმა მაღალჩინოსანმა WP-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ მჭიდრო კავშირების მიუხედავად, ჩინეთი, როგორ ჩანს, არ ეხმარება ირანს თავდაცვაში.

ანალიტიკოსების თქმით, რუსეთის მხრიდან თეირანისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება აშშ-ს ძალების წინააღმდეგ ირანის იერიშების ხასიათს შეესაბამება, რაც მოიცავს დარტყმებს აშშ-ს სასარდლო და საკონტროლო ინფრასტრუქტურაზე, ასევე რადარებსა და დროებით სტრუქტურებზე, როგორიც ქუვეითში ირანის დარტყმა იყო, რასაც აშშ-ს ექვსი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

საერთაშორისო მშვიდობისთვის კარნეგის ფონდის (CEIP) ექსპერტმა, დარა მასიკომ WP-ს განუცხადა, რომ ირანს "ძალზე ზუსტი იერიშები მიაქვს ადრეული გაფრთხილების რადარებსა და ჰორიზონტს მიღმა რადარებზე."

მასიკოს თქმით, ირანს მხოლოდ რამდენიმე სამხედრო დონის სატელიტი აქვს და არ ფლობს საკუთარ სატელიტურ თანავარსკვლავედს, რის გამოც რუსეთის მიერ მიწოდებული სურათები ბევრად უფრო ღირებულია. 

კომენტარები