აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

უიტკოფი: შეხვედრაზე ირანი ტრაბახობდა, რომ 11 ბირთვული ბომბისთვის საკმარისი ურანი ჰქონდათ

სტივ უიტკოფი

აშშ-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მოლაპარაკებებზე ირანული მხარე ტრაბახობდა, რომ დაახლოებით 11 ბირთვული ბომბის შესაქმნელად საკმარისი გამდიდრებული ურანი ჰქონდათ. 

"პირველ შეხვედრაზე ორივე ირანელმა მომლაპარაკებელმა ჩვენ პირდაპირ გვითხრა, უსირცხვილოდ, რომ ისინი 460 კილოგრამ 60%-მდე გამდიდრებულ ურანს ფლობდნენ და იცოდნენ, რომ ამით 11 ბირთვული ბომბის დამზადება შეიძლებოდა." - ამბობს უიტკოფი ინტერვიუში. 

უიტკოფის თქმით, ირანული მხარე "ამაყობდა, რომ მათ გვერდი აუარეს ზედამხედველობის ყოველგვარ პროტოკოლს და მიაღწიეს იმას, რომ 11 ბირთვული ბომბის შექმნა შეეძლოთ. 

ტრამპის წარმომადგენელმა ასევე გაიხსენა, რომ პირველ შეხვედრაზე ირანელებმა განაცხადეს, რომ ბირთვული საწვავის გამდიდრების "ხელშეუვალი უფლება" ჰქონდათ. 

"ჩვენ ვუპასუხეთ, რომ პრეზიდენტის აზრით, ჩვენ ხელშეუვალი უფლება გვაქვს, რომ ადგილზევე გაგაჩეროთ." - აღნიშნა უიტკოფმა. 

მისი თქმით, პრეზიდენტმა ტრამპმა ჯარედ კუშნერთან ერთად ირანთან მოლაპარაკებებზე გაგზავნა ისეთი შეთანხმების მისაღწევად, რომლის ფარგლებშიც თეირანი სარაკეტო პროგრამის გაუქმებაზე დათანხმდებოდა, შეწყვეტდა რეგიონში პროქსი ძალების მხარდაჭერას, დაშლიდა თავის სამხედრო-საზღვაო ძალებს და შეაჩერებდა ურანის გამდიდრებას. 

"ჩვენ მივედით და ვცადეთ, მათთან სამართლიანი შეთანხმება დაგვედო, და ძალიან, ძალიან აშკარა იყო, რომ ეს შეუძლებელი იქნებოდა - ალბათ, მეორე შეხვედრის მიწურულს, მაგრამ ჩვენ შემდეგ უკან დავბრუნდით მესამე შეხვედრისთვის, რათა ბოლოჯერ გვეცადა." - თქვა მან ინტერვიუში. 

უიტკოფის თქმით, "მათ უნდოდათ, რომ შეხვედრაზე პოზიტიურად გველაპარაკა. შეხვედრა პოზიტიური არ ყოფილა."

კომენტარები