კრიმინალი

POG: ერთი წლის წინ ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის საქმის ფარგლებში არასრულწლოვანი დააკავეს

პროკურატურა

პროკურატურის ცნობით, ვარკეთლში მომხდარი მიხეილ ქავთარაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით,  ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს, ხოლო ამავე საქმეზე მსჯავრდებულს, ახალი ბრალი წარუდგინეს.

დაკავებულ არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.

შემთხვევა 2024 წლის 21 დეკემბერს მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე პირი დაიჭრა, მათ შორის, მიხეილ ქავთარაძე, რომელიც კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. 

"თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 21 დეკემბერს, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდებული დავით გოგიძე თანმხლებ პირებთან ერთად გადაადგილდებოდა თბილისში, ვაზისუბნის ტერიტორიაზე, სადაც ფიზიკურად დაუპირისპირდა მიხეილ ქავთარაძეს და მის თანმხლებ პირებს. ამ ფაქტით განაწყენებულმა მსჯავრდებულმა დავით გოგიძემ დააორგანიზა ჯგუფური ძალადობა, კერძოდ დაუკავშირდა მის ძმას, თორნიკე გოგიძეს და მეგობარ ოთარ მარანელს, რომლებსაც უთხრა მომხდარის შესახებ და სთხოვა დახმარება, რაზეც მათ განუცხადეს თანხმობა.

თორნიკე გოგიძე, მის მეგობარ ოთარ მარანელთან ერთად მივიდა მსჯავრდებულ დავით გოგიძის მიერ მითითებულ მისამართზე და ადგილზე მყოფ არასრულწლოვან გ. დ. - თან ერთად იძალადეს მიხეილ ქავთარაძეზე და მის თანმხლებ პირებზე, რის შედეგადაც მათ მიიღეს სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები.

ამავე კონფლიქტის დროს, ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორმა, მსჯავრდებულმა დავით გოგიძემ მის თანმხლებ პირებთან შეუთანხმებლად, განზრახ მოკვლის მიზნით, სხეულის სხვადასხვა არეში დანის გამოყენებით ჭრილობები მიაყენა მიხეილ ქავთარაძეს და მის თანმხლებ პირებს, რის შედეგადაც მიხეილ ქავთარაძე გარდაიცვალა, ხოლო სხვა პირებმა სიცოცხლისთვის სახიფათო ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს". - ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

უწყების ცნობით, არასრულწლოვანი გ. დ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა) წარედგინა, რაც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ხოლო მსჯავრდებულ დავით გოგიძეს ახალი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რასაც თან ახლავს ძალადობა) წარედგინა, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

საქმეზე გდდ-ს ორი თანამშრომელი 6 თებერვალს დააკავეს, თორნიკე გოგიძეს და ოთარ მარანელს ბრალდება წარდგენილი აქვთ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა) და აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული დავით გოგიძე,თბილისის საქალაქო სასამართლომ 2025 წლის 9 სექტემბრის განაჩენით დამნაშავედ ცნო 19, 109-ე მუხლის  ქვეპუნქტით (ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კომენტარები