დაკავებული სპეცრაზმელები

ერთი წლის წინ მომხდარი მკვლელობის ფაქტზე გდდ-ს 2 თანამშრომელი დააკავეს

კადრი ვიდეოდან / TV პირველი

ერთი წლის წინ მომხდარი მკვლელობის ფაქტზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს.

ინფორმაცია ტაბულას პროკურატურაში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, გდდ-ს თანამშრომლები ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლით დააკავეს.

მოკლული 27 წლის კაცის დედამ TV პირველთან საუბრისას თქვა, რომ ბრალდებული მომხდარის შემდეგ გდდ-ში მუშაობას კვლავ აგრძელებდა.

"მადლობა, რომ დააკავეს, ერთი წლის შემდეგ, მადლობა, რომ გაახსენდათ, ან აქამდე რატომ არ იყვნენ დაკავებულები. დაკავებულები არიან ჯგუფურ ძალადობაზე და არა მკვლელობის თანამონაწილეობაზე.  ვითხოვ, აუცილებლად გადაკვალიფიცირდეს ბრალი. გამწარებულ დედას წინ ვეღარავინ ვეღარ დაუდგება. ნამდვილად აღარ მოვტყუვდები. 

[...] ძალადობაა მხოლოდ? თავიდანვე გამოძება არ წარიმართა სწორად. თავიდანვე რომ დაეკავებინათ ყველა თანამონაწილე, ნივთმტკიცებულებასაც იპოვნიდნენ და ყველაფერს გაარკვევდნენ. სამწუხაროდ, ჩაიფარცხა. უნდოდათ, რამენაირად გამომძვრალიყვნენ გდდ-ს თანამშრომლები. 

მეორე-მესამე დღეს აბსოლუტურად ყველაფერი მოშორებული ჰქონდათ. კადრებში ჩანს მშვენივრად. ბოლო კადრი, როცა თავისი ძმა [გოგიძე] აკეთებს ორგანიზებას, ვინ საით გაქცეულიყო. რომ არა თორნიკე გოგიძე, დღეს ჩემი შვილი აქ იქნებოდა.

დაჭრილს, უგონოდ მყოფ ჩემს შვილს ზედ აჯდება და სასიკვდილოდ, გამეტებით ურტყამს. იმ დღესვე უნდა დაეკავებიათ თორნიკე გოგიძე და არა ერთი წლის თავზე. 

დაკავება კი არა, კიდევ ძალიან დიდხანს სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა და სახელმწიფოს ემსახურებოდა ეგ მოძალადე მკვლელი. რამდენიმე არის კიდევ გარეთ და ვითხოვ მათ დაკავებასაც. ვის რა მუხლი ეკუთვნის, იმის მიხედვით უნდა დაისაჯოს ყველა". - თქვა მოკლულის დედამ.

ინფორმაცია თავდაპირველად TV პირველმა გაავრცელა. მედიის ცნობით, სპეცრაზმელები, თორნიკე გოგიძე და ოთარ მარანელი 5 თებერვალს აიყვანეს.

კომენტარები