რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოანა-სილვია ცოიუმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, დაუჭერს თუ არა რუმინეთი მხარს კაია კალასის წინადადებას, რომ რუსეთმა საქართველოსა და მოლდოვის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარები გაიყვანოს.
“მოლდოვას რაც შეეხება, რუმინეთს დიდი ხნის განმავლობაში აქვს მკაფიო პოზიცია, რომ რუსული ჯარები დნესტრისპირეთიდან უნდა გავიდნენ. ეს ჩვენი პოზიცია წლების განმავლობაში იყო და, ბუნებრივია, ჩვენ მხარს ვუჭერთ იმას, რომ ეს უკვე ევროპულ პოზიციადაც იქცა. ჩვენ გვქონდა საუბრები პრეზიდენტ მაია სანდუსთან და მოლდოვის მთავრობასთან. ასევე ვხედავთ გამამხნევებელ სიახლეებს დნესტრისპირეთიდან, იმ თვალსაზრისით, რომ იქ მცხოვრებ მოქალაქეებს ამ ეტაპზე ევროპული მომავლის იმედი აქვთ.
წინა რეფერენდუმებსა და არჩევნებში დავინახეთ, რომ, მაგალითად, დნესტრისპირეთის მოქალაქეების დაახლოებით მესამედმა ევროპული მომავალი აირჩია. ამიტომ ვხედავთ, რომ არსებობს გზები რეგიონის ინტეგრაციისთვის, თუმცა, რა თქმა უნდა, რუსული ჯარები იქიდან უნდა გავიდნენ.
რაც შეეხება საქართველოს, რუმინეთს საქართველოსთან დიდი ხანია სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მოქალაქეების მისწრაფებებსა და ევროპული მომავლის სურვილს. ამავე დროს, მივიღეთ მკაფიო სიგნალები იმასთან დაკავშირებით, რასაც დღეს ვხედავთ სამთავრობო და ინსტიტუციურ დონეზე, სადაც დემოკრატია გამოწვევის წინაშეა. მაგალითად, ოპოზიციის ლიდერებს მოუწიათ სასამართლო პროცესების გავლა და ადგილი ჰქონდა სასამართლო სისტემაში ჩარევის შემთხვევებს, რაც საქართველოს მხრიდან კვლავ საჭიროებს განმარტებას ევროკავშირთან,” - განაცხადა ცოიუმ.
ცნობისთვის, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე "ევროსკოპის" კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ “სიმართლეა, რომ რუსეთს მრავალი ტერიტორია აქვს ოკუპირებული და მათი ძალები სხვადასხვა ადგილზე იმყოფება, საქმე ეხება საქართველოს, მოლდოვას და ცხადია, იმისთვის, რომ გრძელვადიანი მშვიდობა გვქონდეს, ისინი უნდა გავიდნენ ყველა იმ ოკუპირებული ტერიტორიიდან, სადაც იმყოფებიან.





