საქართველო-რუმინეთი

საქართველოსა და რუმინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა

სალომე ზურაბიშვილი და კლაუს იოჰანისი

საქართველოს პრეზიდენტის რუმინეთში ვიზიტისა და ქვეყნის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან შეხვედრის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა. 

იოჰანისის თქმით, რუმინეთი საქართველოს ევროკავშირსა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ერთ-ერთი მტკიცე მხარდამჭერად რჩება.

"ჩვენი ორმხრივი პარტნიორობა უფრო განმტკიცდა დღეს დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობით". – თქვა იოჰანისმა შეხვედრისას გამართულ პრესკონფერენციაზე.

რუმინეთის პრეზიდენტის თქმით, სტრატეგიული პარტნიორობა გააუმჯობესებს საქართველოსთან სატრანსპორტო, ენერგეტიკულ, ადამიანურ და უსაფრთხოების თანამშრომლობასა და ურთიერთობას.

იოჰანისმა გამოხატა საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა. 

რუმინეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სურს მხარი დაუჭიროს შავი ზღვის რეგიონის განვითარებას და რუმინეთი საქართველოსთან ერთად უკვე მუშაობს სტრატეგიული, მსხვილმასშტაბიანი პროექტების განვითარებაზე. მისი თქმით, პრიორიტეტია რუმინეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ელექტროსადენის მშენებლობა, რაც რეგიონებს, ასევე შავ და კასპიის ზღვებს დააკავშირებს. იოჰანისმა ისაუბრა რუმინეთ-საქართველოს შორის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელებისა და ციფრული ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობაზეც.

ამას გარდა, იოჰანისმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსთან ერთად რუმინეთი სატრანსპორტო დერეფნის გახსნაზეც მუშაობს, რაც შავ ზღვასა და კასპიის ზღვებს შორის სხვადასხვა პროდუქტის გადატანის გზად იქცევა. მან ასევე აღნიშნა, რომ საუბრები მიმდინარეობს საქართველოსა და რუმინეთს შორის საზღვაო მიმოსვლაზეც, რაც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვაჭრობას ხელს შეუწყობს.

კომენტარები