რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკის თქმით, უკრაინამ ოკუპანტებისგან 300 კმ² გაათავისუფლა და ომს "ნამდვილად არ აგებს"

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ AFP-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ უკრაინამ სამხრეთით კონტრიერიშის ფარგლებში ოკუპირებული ტერიტორიის 300 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლა და უკრაინა ომს "ნამდვილად არ აგებს". 

"ვერ ითქმის, რომ ომს ვაგებთ. გულწრფელად რომ ვთქვა, ნამდვილად არ ვაგებთ, ნამდვილად. კითხვა იმაში მდგომარეობს, მოვიგებთ თუ არა". - თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა სამხრეთით ფრონტის ხაზზე წინ მიიწევს, თუმცა კონკრეტული რეგიონი ან კონტრიერიშის დროის მონაკვეთი არ დაუკონკრეტებია. 

"ზედმეტ დეტალში არ შევალ, თუმცა დღეს შემიძლია, უპირველეს ყოვლისა, ჩვენს არმიას, მთლიანად თავდაცვის ძალებს მივულოცო, რადგან დღეისთვის, 300 კვადრატული კილომეტრია გათავისუფლებული". - თქვა ზელენსკიმ. 

უკრაინული სამხედრო-ანალიტიკური პროექტის, DeepState-ის მიხედვით, 2025 წლის განმავლობაში რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიის 4 336 კვადრატული კილომეტრის ოკუპაცია მოახდინეს. 

ცნობისთვის, ჟენევაში მიმდინარე აშშ-რუსეთი-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ ზელენსკიმ თქვა, რომ ტერიტორიულ საკითხებთან დაკავშირებით ვერ შეთანხმდნენ და რუსეთი დონბასიდან უკრაინული ძალების სრულ გასვლას კვლავ ითხოვს. ხოლო უკრაინა ახლანდელი ფრონტის ხაზის გაყინვას უჭერს მხარს. 

შეგახსენებთ, რომ, აქამდე გამოცემა Agence France-Presse საკუთარი ანალიზის მიხედვით წერდა, რომ უკრაინამ 11-15 თებერვლის პერიოდში რუსი ოკუპანტებისგან 201 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლა, რაც ბოლო ორ-ნახევარი წელიწადის განმავლობაში ფრონტის ხაზზე უკრაინული ძალების ყველაზე სწრაფ წინსვლას წარმოადგენს.

მანამდე ზაპოროჟიეს ოლქში, ბრძოლის ველზე, უკრაინელების წინსვლა NATO-ს გავლენიანმა მაღალჩინოსანმა დაადასტურა, რომელმაც განაცხადა, რომ წინსვლა მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსულმა დანაყოფებმა Starlink-ის სატელიტურ ინტერნეტზე წვდომა დაკარგეს.

ცნობისთვის, თებერვლის დასაწყისში SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა დაწერა, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ Starlink-ის "უნებართვო გამოყენება" აღკვეთეს, მას შემდეგ, რაც უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა მასკს პრობლემის აღმოსაფხვრელად დახმარება სთხოვა.

ხოლო ამ ნაბიჯის შემდეგ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მრჩეველმა და ტექბლოგერმა, სერგეი ბრესკრესტნოვმა ტელეგრამზე დაწერა, რომ Starlink-ზე კავშირის დაკარგვამ ფრონტის ზახხე რუსულ მხარეს "კატასტროფა" შეუქმნა, რის გამოც რუსეთის მხრიდან მრავალ მიმართულებაზე საიერიშო მოქმედებები შეჩერდა.

 "მტერს ფრონტის ხაზებზე პრობლემა კი არა კატასტროფა შეექმნა. ჯარების ყველა სარდლობა ჩამოიშალა. საიერიშო ოპერაციები ბევრ მიმართულებაზე შეჩერდა." - წერდა ბრესკრესტნოვი 5 თებერვალს. 

რუსეთის მხრიდან Starlink-ის უნებართვო გამოყენების აღკვეთის შემდეგ ფედოროვმა მასკსა და SpaceX-ის პრეზიდენტს, გვინ შოტველს სწრაფი პასუხისთვის მადლობა გადაუხადა და მათ "უკრაინელი ხალხის ჭეშმარიტი მეგობარი" და "თავისუფლების ჭეშმარიტი დამცველი" უწოდა.

5 თებერვალს ფედოროვმა X-ზე დაწერა, რომ უკრაინაში მუშაობას ის ტერმინალები განაგრძობენ, რომლებზეც Spacex-მა ავტორიზაცია გასცა. ამასთან, Spacex-მა მოწყობილობების რეგისტრაციასთან დაკავშირებით გამოაქვეყნა ინსტრუქციებიც, რომელიც შემდგომ ილონ მასკმა X-ზე გადააზიარა და უკრაინაში Starlink-ის მომხმარებლებს მათი შესრულებისკენ მოუწოდა.

კომენტარები