აშშ-ირანი

Reuters: აშშ-ს ძალები ირანთან გრძელვადიანი დაპირისპირების შესაძლებლობისთვის ემზადებიან

ამერიკული ავიამზიდი USS Gerald R. Ford

ორი ამერიკელი ოფიციალური პირი Reuters-ს უყვება, რომ აშშ-ის შეიარაღებული ძალები ირანთან გრძელვადიანი დაპირისპირების შესაძლებლობისთვის ემზადებიან. მათი თქმით, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ირანზე იერიშების მიტანის გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კონფლიქტი შესაძლოა კვირების განმავლობაში გაგრძელდეს.

ერთ-ერთი ოფიციალური პირი გამოცემასთან ამბობს, რომ გრძელვადიანი კამპანიის შემთხვევაში, აშშ-ს ძალებმა შესაძლოა ბირთვულ ინფრასტრუქტურის გარდა ირანის სახელმწიფო და უსაფრთხოების ორგანოების ობიექტებზეც მიიტანოს იერიში.

Reuters აღნიშნავს, რომ ექსპერტების აზრით, ირანის წინააღმდეგ მგსავსი ოპერაციის შემთხვევაში, ირანის ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ გასულ წელს ჩატარებული ოპერაციისგან განსხვავებით, აშშ-ს ძალებისთვის რისკები გაცილებით მაღალი იქნებოდა. ირანის საპასუხო იერიშები ასევე ზრდის რეგიონული კონფლიქტის რისკს.

აშშ-ს ოფიციალური პირი გამოცემას უყვება, რომ შეერთებული შტატები დარწმუნებულია, რომ ირანი საპასუხო სამხედრო მოქმედებებზე გადავა.

ცნობისთვის, რეპორტიორებთან საუბრისას აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანში რეჟიმის ცვლილების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს "როგორც ჩანს, საუკეთესო რამ არის, რაც შეიძლება მოხდეს."

"47 წელია ისინი ლაპარაკობენ და ლაპარაკობენ, ამ დროს კი ჩვენ უამრავი სიცოცხლე დავკარგეთ, სანამ ისინი ლაპარაკობენ," აღნიშნა ტრამპმა და დაამატა, რომ აშშ-მ რეგიონში "უშველებელი ძალები" განალაგა.

ტრამპმა მანამდე დაადასტურა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში მეორე ავიამზიდს, USS Gerald R. Ford-ს გზავნის, რომელიც რეგიონში უკვე განლაგებულ USS Abraham Lincoln-ის მოიერიშე ჯგუფს შეუერთდება.

კომენტარები