რეპორტიორებთან საუბრისას აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანში რეჟიმის ცვლილების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს "როგორც ჩანს, საუკეთესო რამ არის, რაც შეიძლება მოხდეს."
"47 წელია ისინი ლაპარაკობენ და ლაპარაკობენ, ამ დროს კი ჩვენ უამრავი სიცოცხლე დავკარგეთ, სანამ ისინი ლაპარაკობენ," აღნიშნა ტრამპმა და დაამატა, რომ აშშ-მ რეგიონში "უშველებელი ძალები" განალაგა.
ცნობისთვის, ტრამპმა მანამდე დაადასტურა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში მეორე ავიამზიდს, USS Gerald R. Ford-ს გზავნის, რომელიც რეგიონში უკვე განლაგებულ USS Abraham Lincoln-ის მოიერიშე ჯგუფს შეუერთდება.
კითხვაზე, თუ როგორ შეუძლია ირანს აშშ-ს იერიშების თავიდან არიდება, ტრამპმა უპასუხა, რომ თეირანმა აშშ-სთან ის შეთანხმება უნდა დადოს, რომელიც თავიდანვე უნდა დაედოთ.
"მოგვცენ ის შეთანხმება, რომელიც მათ პირველ ჯერზე უნდა მოეცათ. თუ სწორ შეთანხმებას მოგვცემენ, ამას [თავდასხმას] არ ვიზამთ. მაგრამ ისტორიულად ისინი ასე არ იქცევიან. ვიტყვი, რომ მათ ლაპარაკი სურთ, მაგრამ ჯერჯერობით ისინი ბევრს ლაპარაკობენ და არ მოქმედებენ." - თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა.
ახლო აღმოსავლეთში გაგზავნილი მეორე ავიამზიდი, USS Ford, ხმელთაშუა ზღვიდან კარიბის ზღვის რეგიონში გასული წლის შემოდგომაზე გაგზავნეს, როცა ტრამპის ადმინისტრაციამ დიდი რაოდენობით სამხედრო ძალების მობილიზაცია დაიწყო, რასაც მოგვიანებით ნიკოლას მადუროს დაკავების სპეცოპერაცია მოჰყვა.
პარალელურად, 12 თებერვალს ტრამპმა ირანი გააფრთხილა, რომ აშშ-სთან ბირთვული შეთანხმების ვერ მიღწევა ირანისთვის "ძალზე ტრავმატული" იქნება. "ეს სწრაფად უნდა მოხდეს. ძალიან სწრაფად უნდა დათანხმდნენ," განუცხადა ტრამპმა რეპორტიორებს.
ამავრდოულად, 11 თებერვალს პრეზიდენტი ტრამპი თეთრ სახლში ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა და მასთან ირანთან მიმდინარე მოლაპარაკებების საკითხი განიხილა.





