დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

WSJ: პენტაგონმა აშშ-ს მეორე ავიამზიდს აცნობა, რომ ახლო აღმოსავლეთში გასაგზავნად მოემზადონ

აშშ-ს ავიამზიდი USS George H.W. Bush
US Navy Photo

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პენტაგონმა მეორე ამერიკული ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს აცნობა, რომ ახლო აღმოსავლეთში გასაგზავნად მოემზადონ იმ ფონზე, როცა თეთრი სახლი ირანზე შესაძლო იერიშებისთვის ემზადება. 

ერთ-ერთი ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, ახლო აღმოსავლეთში გაგზავნის ბრძანება შესაძლოა, პენტაგონმა რამდენიმე საათში გამოსცეს. მანამდე, 10 თებერვალს, პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში მეორე ავიამზიდის გაგზავნის საკითხს განიხილავდა, რათა მოხდეს სამხედრო მოქმედებებისთვის მომზადება იმ შემთხვევაში, თუკი ირანთან მოლაპარაკებები წარუმატებელი იქნება. 

სამმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა WSJ-ს განუცხადა, რომ ტრამპს რეგიონში მეორე ავიამზიდის გაგზავნასთან დაკავშირებით ოფიციალური ბრძანება ჯერ არ გაუცია და გეგმები შესაძლოა, კვლავ შეიცვალოს. გაგზავნის შემთხვევაში, მეორე ავიამზიდი ახლო აღმოსავლეთში მყოფ USS Abraham Lincoln-ს შეუერთდება. 

ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ პენტაგონი მეორე ავიამზიდის გაგზავნას ორ კვირაში აპირებს, სავარაუდოდ, აშშ-ს აღმოსავლეთ სანაპიროდან. გამოცემის ცნობით, ავიამზიდი USS George H.W. Bush ვირჯინიის სანაპიროს სიახლოვეს სამხედრო წვრთნებს ამთავრებს და, მაღალჩინოსნების თქმით, ავიამზიდმა შესაძლოა, ეს წვრთნები მომდევნო დღეებში დააჩქაროს. 

პარალელურად, 11 თებერვალს, პრეზიდენტი ტრამპი თეთრ სახლში ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა და მასთან ირანთან მიმდინარე მოლაპარაკებების საკითხი განიხილა. 

შეხვედრის შემდეგ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ მას ირანთან შეთანხმების დადება ურჩევნია. 

"მე მოვითხოვე, რომ ირანთან მოლაპარაკებები გაგრძელდეს, რათა ვნახოთ, შესაძლებელია თუ არა შეთანხმების მიღწევა. თუ შესაძლებელია, პრემიერმინისტრს ვაცნობე, რომ ამას უპირატესობას მივანიჭებთ. თუ არ არის, უბრალოდ მოგვიწევს ვნახოთ, თუ რა იქნება შედეგი." - დაწერა ტრამპმა. 

"ბოლოს, როცა ირანმა გადაწყვიტა, რომ უმჯობესი იქნებოდა, შეთანხმება არ დაედოთ, მათ შუაღამის ურო დაატყდათ თავს - ეს მათთვის კარგად არ გამოვიდა. იმედია, ამჯერად ისინი უფრო გონივრულები და პასუხისმგებლობიანები იქნებიან." - დაამატა მან. 

კომენტარები