ევროპარლამენტმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა: 60 მილიარდი ევრო უკრაინის თავდაცვის გაძლიერებისთვის და 30 მილიარდი ევრო მაკროფინანსური დახმარებისა და ბიუჯეტური მხარდაჭერისთვის.
“უკრაინა იქნება ვალდებული, გააგრძელოს დემოკრატიული რეფორმების გატარება და კორუფციასთან ბრძოლა. სესხი დაფინანსდება ევროკავშირის საერთო სესხის აღებით და უკრაინა მას დააბრუნებს მას შემდეგ, რაც რუსეთისგან ომის რეპარაციებს მიიღებს” - წერია ევროპარლამენტის განცხადებაში.
კანონპროექტს მხარი 458-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, მოწინააღმდეგე კი 140 იყო, ხოლო 44-მა დეპუტატმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა
პაკეტის ფორმალურად მისაღებად ასევე საჭიროა ევროპის კავშირის საბჭოს დამტკიცება, რათა კომისიამ 2026 წლის მეორე კვარტალში თანხის გამოყოფა შეძლოს.
თავდაცვის გაძლიერებისთვის გამოყოფილი 60 მილიარდის განხილვის დროს, ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო, რა ოდენობის შეიარაღების შეძენას შეძლებს უკრაინა ევროკავშირის ფარგლებს გარეთ ან საკუთარი სამხედრო ინდუსტრიიდან. თავად უკრაინა მოითხოვდა უფლებას, იარაღი შეეძინა ნებისმიერი ქვეყნიდან, საიდანაც თვითონ ჩათვლიდა საჭიროდ.
საფრანგეთი ცდილობდა დაეწესებინა შეზღუდვები ევროკავშირის გარეთ შესყიდვებზე, თუმცა სხვა ქვეყნები მხარს უჭერდნენ უკრაინისთვის ახლო პარტნიორებისგან, როგორიცაა ბრიტანეთი, კანადა და ნორვეგია, შესყიდვის შესაძლებლობების გამარტივებას.
საბოლოო შეთანხმების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირის მწარმოებლები შეიარაღებას დროულად ვერ მიაწვდიან, უკრაინას შეეძლება სესხის გამოყენება გარკვეული ტიპის იარაღის ევროკავშირის ფარგლებს გარეთ არსებული ქვეყნებიდან შესაძენად. ეს ნიშნავს, რომ უკრაინას შეეძლება აღნიშნული თანხით შეიძინოს ზოგიერთი სახის შეიარაღება აშშ-დან, მათ შორის, Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის საჭირო ძირითადი რაკეტებიც.





