ევროკავშირის სანქციები

მედია: ევროკავშირის სანქციები შესაძლოა საქართველოს ყულევის პორტს შეეხოს

ყულევის პორტი
საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური

Reuters-ისა და რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საქართველოს ყულევის პორტსაც შეიძლება შეეხოს.

გამოცემები წერენ, რომ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტისთვის შემუშავებული შეთავაზება, მათ შორის, ევროკაშირში მყოფი ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის საქართველოს ყულევისა და ინდონეზიის კარიმუნის საპორტო ტერმინალებთან ტრანზაქციების აკრძალვას მოიცავს. 

შეთავაზება, რომელიც ევროკომისიამ, ევროკავშირის დიპლომატიურმა სამსახურმა და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა (EEAS) ერთობლივად შეადგინეს, EU-ს წევრ ქვეყნებს დღეს, 9 თებერვალს წარედგინათ. 

რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ განცხადებაში ირაკლი კობახიძემ სასანქციო პოლიტიკასთან წინააღმდეგობა უარყო და "ევროკომისიისთვის დეტალური განმარტების მიცემის მზაობა გამოხატა".

"ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ იქ რაიმე ისეთი ხდება, რაც ეწინააღმდეგება სასანქციო პოლიტიკას". - უთხრა კობახიძემ გამოცემას.

რადიო თავისუფლების მიხედვით, პაკეტში სხვა ზომებთან ერთად განხილულია რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის დამატებით 43 გემის სანქცირება, რუსული თხევადი ბუნებრივი აირით (LNG) დატვირთული ტანკერებისათვის ტექნიკური მომსახურების სერვისების აკრძალვა და  რუსეთსა და მესამე ქვეყნებში ოთხ საპორტო ტერმინალთან ტრანზაქციების აკრძალვა. 

როგორც Reuters აღნიშნავს, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროკავშირი სანქციებს მესამე ქვეყნების წინააღმდეგ იყენებს. გამოცემის მიხედვით, ყულევისა და კარიმუნის პორტებთან ტრანზაქციის აკრძალვის გარდა, შეთავაზებული პაკეტი ყირგიზეთისთვის ლითონის საჭრელი ხელსაწყოებისა და მოდემებისთვისა და ხმის, გამოსახულებისა და ინფორმაციის გადამცემი საკომუნიკაციო აპარატების მიყიდვის აკრძალვასაც მოიცავს. 

გარდა ამისა, Reuters წერს, რომ შეთავაზებული პაკეტი დამატებით ორი ყირგიზული ბანკის, Keremet-ისა და Capital Bank of Central Asia-სა და ლაოსსა და ტაჯიკეთში მდებარე ბანკების წინააღმდეგ სანქციების შემოღებასაც მოიცავს. 

გამოცემის მიხედვით, შეთავაზებული პაკეტი ასევე მოიცავს 30 ახალ ფიზიკურ პირისთვისა და 64 კომპანიისთვის ქონების გაყინვასა და მოგზაურობის აკრძალვას. მათ შორის არიან Rosneft-ის შვილობილი კომპანია, Bashneft და 8 რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა.

ცნობისთვის, გასული წლის 21 ოქტომბერს Reuters-მა LSEG-ის გემების კურსის დაკვირვების მონაცემებზე დაყრდნობით დაწერა, რომ რუსულმა ნავთობკომპანია როსნეფტმა ამ თვეში საქართველოში ახალაშენებულ ყულევის ნავთობგადამამუშავებელს პირველი ტვირთი მიაწოდა.

LSEG-ის მონაცემებით, 6 ოქტომბერს ხომალდმა კაისერიმ ყულევის ნავთობტერმინალს რუსეთის ნოვოროსიისკის პორტიდან 105 340 ტონა Siberian Light-ის ტიპის ნედლი ნავთობი მიაწოდა.

როსნეფტმა Reuters-თან კომენტარი არ გააკეთა. ბოლო წლების განმავლობაში, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების ფონზე, რუსეთი ნავთობის ექსპორტის დივერსიფიკაციასა და შეზღუდვების არიდებას ცდილობს.

მოგვიანებით, შემოსავლების სამსახურმა ყულევის ნავსადგურში რუსეთის პორტიდან შემოსულ ნავთობზე განცხადება გაავრცელა და დაწერა, რომ "გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე, ასევე ტვირთის გამომგზავნ და მიმღებ კომპანიებზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები".

ყულევის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა 2024 წლის ბოლოს დაიწყო. ქარხანას ამჟამად ყოველწლიურად 1.2 მილიონი ტონა ნედლი ნავთობის გადამუშავება უნდა შეეძლოს. იგეგმება ამ შესაძლებლობის 4 მილიონ ტონამდე გაზრდა. პროექტი ბლექ სი პეტროლიუმს ეკუთვნის. ქარხნის მშენებლობა დააფინანსა სამთავრობო საინვესტიციო ფონდმა - საქართველოს განვითარების ფონდმა. ასევე დამფინანსებლები იყვნენ ბანკი ქართუბაზისბანკი და ხალიკბანკი.

კომენტარები