რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

პროუკრაინელმა პარტიზანებმა ბელგოროდში სამხედრო კომუნიკაციის ხაზები მწყობრიდან გამოიყვანეს

კადრი საბოტაჟის ამსახველი ვიდეოდან

პროუკრაინულმა Atesh-ის პარტიზანულმა დაჯგუფებამ განაცხადა, რომ მისმა წევრმა 8 თებერვლის ღამეს რუსეთის ბელგოროდის ოლქში საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა მწყობრიდან გამოიყვანეს.

"ჩვენი მოძრაობის აგენტმა ცეცხლი წაუკიდა საკომუნიკაციო ანძის ძირში მდებარე ტექნიკურ მოდულს. მიწაზე განთავსებული აღჭურვილობის განადგურების შედეგად, ანძაზე დამონტაჟებული მთელი ინფრასტრუქტურა სრულად გაითიშა ელექტროენერგიისგან და მწყობრიდან გამოვიდა" - ნათქვამია ჯგუფის განცხადებაში.

Atesh-ის თქმით, დივერსიული აქტი უკრაინისა და რუსეთის საზღვართან ახლოს განხორციელდა, რამაც "ფაქტობრივად დააბრმავა მტერი ამ სექტორში".

"ანძა [რადიო-]ელექტრონული ბრძოლის ანტენებს ემსახურებოდა, რომლებიც უკრაინული დრონების სიგნალებს ახშობდა. ამ ტექნიკური პუნქტის განადგურებამ გახსნა ‘ფანჯარა’ უკრაინული დრონების შეუფერხებელი მოქმედებისთვის" - განაცხადა ჯგუფმა.

კომენტარები