რუსულ სამთავრობო მედია РИА Новости-ს სამართალდამცავ ორგანოებში მყოფმა წყარომ განუცხადა, რომ რუსეთის იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე სერგეი ტროპინი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.
"დღეს ის საკუთარ ბინაში იპოვეს. გარდაცვალების მიზეზები დგინდება", - აღნიშნა წყარომ მედიასთან საუბრისას.
რუსული მედიის ინფორმაციით, გარდაცვალება კრიმინალურ ხასიათს არ ატარებს.
ცნობისთვის, სერგეი ტროპინი იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას, რუსეთის პირველი პრეზიდენტის, ბორის ელცინის მმართველობის პერიოდში, 1996 წლის თებერვლიდან 1997 წლის მარტამდე იკავებდა.
აქამდე, იანვარში, მოსკოვში შრომის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ალექსეი სკლიარის ცხედარი აღმოაჩინეს. როგორც ТАСС წერდა, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.





