სააპელაციო სასამართლომ ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, დავით შარაშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საპატიმრო გირაო პატიმრობით შეუცვალა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
"სააპელაციო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საპატიმრო გირაო პატიმრობით შეუცვალა". - წერს პროკურატურა.
იქამდე, ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ შარაშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა, რაც პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
შარაშიძე 28 იანვარს დააკავეს. გამოძიების ცნობით, 27 იანვარს, დავით შარაშიძემ ოზურგეთში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მასთან ერთად მყოფ ორ მოქალაქესთან ერთად ჯგუფურად იძალადა პოლიციელზე, რომელიც იმ მომენტისთვის სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის პრიმა მუხლის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს და 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





