ბათუმში, ჯგუფურად ჩადენილი იძულების, ძალადობისა და დოკუმენტის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების ბრალდებით, თურქეთის მოქალაქეები: 2006 წელს დაბადებული ი.ბ., 2004 წელს დაბადებული ს.პ. და წარსულში ნასამართლევი 2002 წელს დაბადებული ქ.გ. დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ბათუმში, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს 2007 წელს დაბადებულ ა.ა. -ს ჯგუფურად, მოტყუებით, მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩამოართვეს მობილური ტელეფონი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. დაკავებულები დაზარალებულს, ცემითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ერთ-ერთ ბანკში მათ სასარგებლოდ ანგარიშის გახსნას აიძულებდნენ, ამასთან, უზღუდავდნენ საცხოვრებლის დამოუკიდებლად დატოვების შესაძლებლობას.
სამართალდამცველებმა, შესაძლო დანაშაულის თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე, შესაბამისი კომპლექსური ღონისძიებები ჩაატარეს და სამივე პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.” - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 126-ე და 363-ე მუხლებით მიმდინარეობს.





