რუსული რეჟიმი

საია: ტროტუარზე დგომის გამო პატიმრობა ცალსახად ანტიკონსტიტუციურია

აქცია რუსთაველზე, 4 იანვარი
ტაბულა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ტროტუარზე დგომის გამო, მოქალაქეების დაკავებას ეხმაურება. ორგანიზაციის შეფასებით აღნიშნული ნორმა არამხოლოდ ინდივიდუალური აქტივისტების მიმართ რეპრესიებს ემსაუხრება, არამედ მიზნად ისახავს დემონსტრაციების გამართვაზე მსუსხავი ეფექტის ქონასაც.

მათი განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება, "ფაქტობრივად, შეკრების თავისუფლებას იმთავითვე შეზღუდულ უფლებად აქცევს, შინაარსს აცლის მის ფუნდამენტს და არის ცალსახად ანტიკონსტიტუციური." 

"შეკრების თავისუფლება, როგორც აზრის გავრცელების საშუალება, დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველია. მშვიდობიანი შეკრების უფლება ფუნდამეტური შესაძლებლობაა, ინდივიდებმა, მიუხედავად მათი სტატუსისა, გამოხატონ შეხედულებები და პროტესტი სხვადასხვა საკითხის მიმართ, გააკრიტიკონ, წარადგინონ ალტერნატიული მოსაზრებები.  შეკრებების დროს არსებითად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი და სხვა სივრცეების ლეგიტიმური გამოყენება, და, რადგან ამას შეიძლება, თავისი ბუნებით, ჩვეულებრივი ცხოვრების რითმის გარკვეული დონის შეფერხება მოჰყვეს, ნებისმიერი შეზღუდვის დაწესება ინტერესთა ბალანსის მკაცრ ტესტს უნდა გადიოდეს. 

საია ამ საქმეებში იცავს დიმიტრი ჯამბურიას ინტერესებს. მის წინააღმდეგ არსებულ დადგენილებაში სასამართლო ფორმალურად ციტირებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს, 3თუმცა, ნაცვლად მათში მოცემული მსჯელობების საქმესთან მისადაგებისა, შემოიფარგლება მხოლოდ ზოგადი სტანდარტების საქმისგან აბსტრაჰირებული მითითებით. ევროსასამართლოს სტანდარტების ჭეშმარიტი მოხმობა 4 თბილისის საქალაქო სასამართლოს საშუალებას არ მისცემდა, საქართველოს მოქალაქეები ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ეცნო მაშინ, როდესაც ისინი ტროტუარზე იმყოფებოდნენ პროტესტის გამოხატვის მიზნით. 

ამასთან, საიას შუამდგომლობა, სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებით გადაეგზავნა საქმე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ეს ნიშნავს იმას, რომ “ტროტუარზე დგომისთვის” ადამიანების სამართალდამრღვევად ცნობის საქმის განხილვისას სასამართლოს არ გაუჩნდა საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ნორმატიული აქტი, რომელიც სასამართლოს ამ საქმის გადაწყვეტისას უნდა გამოიყენებინა, შეიძლება მიჩნეული ყოფილიყო კონსტიტუციის შეუსაბამოდ. როგორც წესი, კონსტიტუციური წარდგინების არსებობისას, საკონსტიტუციო სასამართლო საერთო სასამართლოს წარდგინების საფუძველზე იხილავს იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის საკითხს, რომელიც კონკრეტული საქმის განხილვისას უნდა გამოიყენოს საერთო სასამართლომ. სასამართლოში საქმის განხილვა განახლდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ საკითხის გადაწყვეტის შემდეგ. ამ მექანიზმის გამოყენება, დამატებით შესაძლებლობას მისცემდა საერთო სასამართლოებს სამართლის უზენაესობის კონსტიტუციური პრინციპის აღსრულებისთვის. 

ასევე, არ დააკმაყოფილა სხვადასხვა შუამდგომლობები, მტკიცებულებების გამოთხოვაზე / დართვაზე, მოპოვებული კამერების ჩანაწერების კანონიერების შესწავლაზე.

ტროტუარზე შეკრების და მანიფესტაციის იმავე წესებისთვის დაქვემდებარება, რომელიც ტრანსპორტის სავალ ნაწილზე მოქმედებს, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ტიპის შეკრება საზოგადოებრივი ცხოვრების ჩვეული რიტმს ბევრად ნაკლები ხარისხით ზღუდავს, მიუთითებს, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღების მიზანი, არა სხვათა უფლებების ან მართლწესრიგის დაცვაა, არამედ შეკრება/მანიფესტაციებისთვის გაუმართლებელი დაბრკოლებების შექმნა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასამართლოს პრაქტიკა, ასეთი ანტიკონსტიტუციური ადამიანის უფლებათა პოლიტიკის გატარებისას, მიუთითებს, როგორც ინდივიდუალური  აქტივისტების მიმართ რეპრესიებზე, ასევე, მიზნად ისახავს დემონსტრაციების გამართვის შესაძლებლობებზე მსუსხავი ეფექტის ქონასაც. ასეთმა პრეცედენტებმა შეუქცევადად შეიძლება დააზიანოს, არამხოლოდ, ინდივიდუალური უფლებები, არამედ დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტური საყრდენები" - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

23 იანვარს, აქციაზე ტროტუარზე დგომის საქმეებზე თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე მოქალაქის სასამართლო პროცესი გაიმართა და გადაწყვეტილებები გამოცხადდა.

მოსამართლეებმა დავით მაკარაძემ, ზვიად ცეკვავამ და მანუჩარ ცაცუამ ყველა მოქალაქე სამართალდამრღვევად ცნეს, ნაწილს რამდენიმედღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, ნაწილს კი - სიტყვიერი გაფრთხილება.

კომენტარები